ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმისა და ბავშვზე ზრუნვის სისტემის შეფასება: კვლევის ანგარიში

საძაგლიშვილი, შორენა და ნამიჭეიშვილი , სალომე (2014) ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმისა და ბავშვზე ზრუნვის სისტემის შეფასება: კვლევის ანგარიში. პროექტის ანგარიში. ევროკავშირის პროექტი.

[img]
გადახედვა
ტექსტი
Report_Child_Welfare_Reform_GEO_FINAL Printed.pdf

Download (1MB) | გადახედვა

რეზიუმე

2012 წლის 24 აპრილს დამტკიცდა ბავშვთა კეთილდღეობისა და დაცვის 2012-2015 სამოქმედო გეგმა. აღნიშნული სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს გააგრძელოს 2008-2011 წლებში განხორციელებული ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის კურსი და ხელი შეუწყოს განსაკუთრებით მოწყვლადი ბავშვებისა და მათი ოჯახების გაძლიერებას. ამ გეგმის მიხედვით, დღესაც მიმდინარეობს რეფორმა ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. ეს რეფორმა მეტ-ნაკლებად შეეხო ბავშვთა კეთილდღეობის ისეთ სფეროებს, როგორებიცაა პრევენცია/რეინტეგრაცია და ოჯახების გაძლიერება, ზრუნვის სისტემიდან გამოსული ახალგაზრდები, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და ძალადობის მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია. წინამდებარე კვლევის მიზანია, განახორციელოს ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმისა და ბავშვზე ზრუნვის სისტემის ძირითადი მიმართულებების შეფასება, გამოკვეთოს ძირითადი საჭიროებები და წარადგინოს შესაბამისი რეკომენდაციები არსებული ბავშვთა დაცვის პოლიტიკისა და პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით. 2012 წელს შეიქმნა საქართველოს კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობისათვის, რომელშიც ერთიანდება 40 ორგანიზაცია. კოალიციის მიზანია ქვეყანაში ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობის არსებული სისტემის განვითარება და მათი უფლებების დაცვის ხელშეწყობა. კოალიცია გამოიყენებს წინამდებარე კვლევას ბავშვთა და ახალგაზრდათა უფლებების ადვოკატობისას ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე. კვლევა განხორციელდა თვისებრივი მეთოდების გამოყენებით, როგორებიცაა საკაბინეტო კვლევა, ფოკუსირებული დისკუსიები და ინტერვიუები ბავშვზე ზრუნვის სფეროს ექსპერტებთან. გამოკითხულ იქნა 15 ექსპერტი. ჩატარებულ 10 ფოკუსურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ბავშვთა კეთილდღეობის სფეროს 37 პრაქტიკოსმა, მენეჯერმა და 44 ბენეფიციარმა. კვლევის შედეგად გამოიკეთა ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის ფუნქციონირების რიგი პრობლემები. სისტემის მნიშვნელოვან ხარვეზებს შორის, რესურსის (Input) თვალსაზრისით, აღსანიშნავია სოციალური მუშაკის ინსტიტუტის შემდგომი განვითარების საჭიროება. ზრუნვის სიტემიდან ბავშვის გასვლის მომზადების თვალსაზრისით არასაკმარისია აღმზრდელების, სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგებისა და სხვა სპეციალისტების კვალიფიკაციის დონე. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია პრობაციის მუშაკების პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერება, სამართლის სფეროში სოციალური მუშაკთა რაოდენობის გაზრდა და, ასევე, არასრულწლოვანთა საქმეებზე სპეციალიზებულ მოსამართლეთა ინსტიტუტის დამკვიდრება. ბავშვთა ძალადობისგან დაცვის თვალსაზრისით არსებული სისტემის ყველაზე სუსტი რგოლებია პოლიცია და სკოლა, როგორც ბავშვისა და ოჯახის მხარდამჭერი ინსტიტუტი. პროცესის თვალსაზრისით სისტემის ხარვეზებს შორის აღსანიშნავია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკის ინსტიტუტის რეაქტიული ხასიათი ზღუდავს რისკის ჯგუფის ბავშვთათვის პრევენციულ საქმიანობას. ოჯახისგან ბავშვის დაშორების პრევენციაში საჭიროა პირველადი ჯანდაცვის, სამშობიარო სახლებისა და სკოლების ჩართულობის უზრუნველყოფა. საჭიროა, ასევე, სოციალური მუშაკის მომსახურების დეცენტრალიზაცია. დეინსტიტუციონალიზაციისას ადგილი აქვს ბავშვთა ბიოლოგიური ოჯახების დისკრიმინაციას. მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები დისკრიმინირებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრებ ბავშვებთან შედარებით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მიღმა დარჩა. ბოშა ბავშვების, მათი ოჯახებისა და სხვა ეთნიკური ჯგუფის დიკსრიმინაცია გავრცელებული პრაქტიკაა და გამოიხატება სახელმწიფო მომსახურებებზე მათთვის ხელმისაწვდომობის შეზღუდვაში. არსრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციიის მიზნით ჩარევა საჭიროა იყოს სისტემური და მოიცავდეს მულტიდისციპლინური მიდგომების გამოყენებას სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელთა მონაწილეობით. საჭიროა, ეს ჩარევები მეტად იყოს ორინტირებული ქუჩაში მომუშავე და მცხოვრებ ბავშვებზე. 7 ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმისა და ბავშვზე ზრუნვის სისტემის შეფასება პრობლემაა სამართალდაცვის სფეროში ბავშვთან მომუშავე უწყებებს შორის არაეფექტური კომუნიკაცია ისევე, როგორც დისკოორდინაცია სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სკოლას შორის. მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრის ჩარევით სკოლამ უნდა შეასრულოს აქტიური როლი რისკის ქცევების ბავშვების გამოვლენასა და სათანადო ჩარევების დანერგვაში. უნდა დამკვიდრდეს ამ ცენტრებსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკებს შორის თანამშრომლობა. ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები საფუძვლიან ცვლილებებს საჭიროებს. საჭიროა სკოლის მასწავლებელთა, პოლიციისა და პირველადი ჯანდაცვის მუშაკთა ინფორმირებულობის ამაღლება ამ პროცედურების შესახებ. სკოლის მანდატურები არარეალისტურად აფასებენ თავიანთ უფლება-მოვალეობებს ბავშვთა დაცვის რეფერირების პროცედურების აღსრულების პროცესში. მედია ვერ ასრულებს თავის საგანმანათლებლო როლს ბავშვთა ძალდობისაგან დაცვის კუთხით. მომსახურებების (Output) თვალსაზრისით სისტემის ხარვეზებს შორის აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მხრიდან რისკის ჯგუფების ოჯახთათვის შეთავაზებული მხარდამჭერი მომსახურებები მწირი და ძნელად ხელმისაწვდომია. ამ ოჯახების დასაქმების მიმართულებით საჭიროა სახელმწიფოს როლის გაძლიერება. ალტერნატიულ მომსახურებათა სიმწირე მნიშვნელოვან სირთულეს ქმნის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში. არ არსებობს ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადების და ზრუნვიდან გასვლისას მათი დახმარების პროგრამები/მომსახურებები. დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებასა და პროფესიულ განათლებასთან ერთად პრობლემად რჩება სახელმწიფო ზრუნვიდან გასული ახალგაზრდებისათვის საცხოვრისის არარსებობა. არ არსებობს მონაცემთა ერთიანი ბაზა იმ ბენეფიციარების შესახებ, რომლებმაც დატოვეს სახელმწიფო ზრუნვის სისტემა და დახმარება სჭირდებათ. მათთვის სახელმწიფომ უნდა დანერგოს სკოლის შემდგომი გახანგრძლივებული მომსახურებები. არ არსებობს ხედვები იმის შესახებ თუ რა ტიპის მომსახურებები უნდა განვითარდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ტრანციზიული პერიოდის ხელშესაწყობად. არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის კუთხით აუცილებელია ოჯახის გაძლიერების მომსახურების განვითარება როგორც მატერიალური, ისე ფსიქო-სოციალური მიმართულებით. საჭიროა რესოციალიზაციის მრავალფეროვანი მომსახურების განვითარება პენიტენციური სიტემიდან გამოსული ახლგაზრდებისათვის. ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისათვის სარეაბილიტაციო მომსახურების სიმწირეა როგორც სამთვრობო, ისე არასამთავრობო სექტორებში. არ არსებობს მომსახურება, რომელიც გონებრივი შეზღუდვის და ფსიქიკური პრობლემების მქონე ბავშვებს აღმოუჩენს დახმარებას ძალადობის შემთხვევაში. ხშირად, ბიუროკრატიული პროცედურების გამო, გართულებულია ძალადობის მსხვერპლთათვის თავშესაფრებით სარგებლობა. საჭიროა მონიტორინგის სისტემის დანერგვა, რომელიც შეაფასებს თავშესაფრების მიერ ბენეფიციარებისათვის მიწოდებული მომსახურების ხარისხს. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მკვლევართა ჯგუფმა შეიმუშავა საჯარო პოლიტიკის რეკომენდაციები პრევენცია/რეინტეგრაცია და ოჯახების გაძლიერების, ზრუნვის სისტემიდან გასულ ახალგაზრდებთან მუშაობის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების და ბავშვების ძალადობისაგან დაცვის მიმართულებებით.

ობიექტის ტიპი: მონოგრაფია (პროექტის ანგარიში)
თემატიკა: H Social Sciences > H Social Sciences (General)
ქვეგანყოფილება: Faculties/Schools > Faculty of Arts and Sciences
განმათავსებელი მომხმარებელი: დოქტორი შორენა საძაგლიშვილი
განთავსების თარიღი: 23 მარტი 2015 07:53
ბოლო ცვლილება: 24 აპრილი 2015 08:38
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/1808

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა