კახეთის რეგიონის სოფლების მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შესწავლა ბავშვისა და მისი ოჯახის მოწყვლადობის დონის გაზომვის ინსტრუმენტის გამოყენებით

საძაგლიშვილი, შორენა და ნამიჭეიშვილი , სალომე (2014) კახეთის რეგიონის სოფლების მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შესწავლა ბავშვისა და მისი ოჯახის მოწყვლადობის დონის გაზომვის ინსტრუმენტის გამოყენებით. პროექტის ანგარიში. World Vision Georgia. (არ გამოქვეყნებულა)

[img] ტექსტი
Vulnerable Families Report_14.08.2014.docx

Download (352kB)

რეზიუმე

საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision (ვორლდ ვიჟენი) ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია კახეთის რეგიონის სოფლის მოწყვლად მოსახლეობასთან მუშაობა და ზოგადად, თემის გაძლიერება. ამ პროექტის ფარგლებში ბავშვის განვითარების მუშაკები ახორციელებენ მოწყვლადი მოსახლეობის იდენტიფიცირებას და შემდგომ მათთან ინდივიდულური მუშაობის განხორციელებას. პროექტის ერთი ნაწილი მიეძღვნა თავად ბავშვისა და მისი ოჯახის მოწყვლადობის დონის გაზომვის ინსტრუმენტის შექმნასა და პილოტირებას. თავდაპირველად ინსტრუმენტი განკუთვნილი იყო მხოლოდ ინდივიდუალური შეფასებისათვის, ხოლო მისი მოდიფიცირებული ვარიანტის გამოყენება მოხდა სოფლის მოსახლეობის მოწყვლადობის დონის შესასწავლად და სოფლის ზოგადი სოციალური მდგომარეობის გამოსავლენად. მოწყვლადობის ინსტრუმენტი ეყრდნობა მოწყვლადობის ფაქტორების გაანალიზებას. ბავშვისა და ოჯახის მოწყვლადობას რიგი ფაქტორები განაპირობებს. რაც მეტია ეს ფაქტორები და რაც უფრო დიდი ხანი გრძელდება მათი ზემოქმედება, მით მეტად იზრდება მოწყვლადობის დონე. აღსანიშნავია, რომ მოწყვლადობის ფაქტორების არსებობის შემთხვევაში, ხშირად საჭირო ხდება გადაუდებელი ჩარევა. რაც უფრო ადრეულ ეტაპზე განხორციელდება ჩარევა, მით მეტია იმის შესაძლებლობა, რომ მოწყვლადობის დონე შევამციროთ ან სულაც, მოვახდინოთ მოწყვლადობის ფაქტორების პრევენცია. ბავშვის მოწყვლადობას ოთხი ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს: ძალადობა ბავშვის მიმართ, უკიდურესი სიღარიბე, დისკრიმინაცია და ბუნებრივი/ადამიანის მიერ განპირობებული კრიზისის/კატასტროფების/ კატაკლიზმების ზეგავლენა. ქვემოთ მოცემულია თითოეული ფაქტორის უფრო დაწვრილებითი განმარტება: 1. ბავშვის მიმართ ძალადობაში იგულისხმება ძალადობა მშობლის/მეურვის/ოჯახის წევრის ან სხვათა მხრიდან, რომელიც გამოიხატება ქვემოთ მოცემულთაგან რომელიმე ერთი ან მეტი ფორმით: ფიზიკური, სექსუალური, ემოციური ან შრომითი ძალადობა. აქვე იგულისხმება ოჯახის წევრებს შორის ძალადობაც, რომელიც მოქმედებს ბავშვზე; 2. უკიდურეს სიღარიბეში იგულისხმება ოჯახის უუნარობა, შეიძინოს საბაზისო საჭიროების ნივთები/საქონელი და/ან მოიპოვოს საბაზისო საჭიროების მომსახურებები, როგორებიცაა ჯანდაცვა, განათლება და ა.შ. უკიდურესი სიღარიბის მახასიათებელია ოჯახის ხელთ არსებული ძალიან მწირი მატერიალური და ადამიანური რესურსები (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობების არქონა). უკიდურეს სიღარიბეს ხელს უწყობს, ასევე, ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და თანადგომის ქსელის არარსებობა; 3. დისკრიმინაციაში იგულისხმება - ბავშვის და ოჯახის მიერ რეგისტრაციის / დაბადების/პირადობის მოწმობის არქონა და ხელმიუწვდომლობა ძირითად მომსახურებებზე, განსაკუთრებით, სამედიცინო და განათლების მომსახურებებზე სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის უმცირესობის ჯგუფს მიკუთვნებულობის, შეზღუდული შესაძლებლობის, ასოციალური ქცევის, სხვადასხვა ნიშნით მშობლის/ოჯახის გარიყულობის გამო (ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულება, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა, მარტოხელა მშობლობა და ა.შ.); 4. ბუნებრივი/ადამიანის მიერ განპირობებული კრიზისი/ კატასტროფები/ კატაკლიზმები: ამ ფაქტორში იგულისხმება როგორც ბუნებრივი კატასტროფები (მეწყერი, სეტყვა, წყალდიდობა და ა.შ.), ისე ადამიანის მიერ განპირობებული კატასტროფები (როგორიცაა ომი, კრიმინალური დანაშაულის მსხვერპლობა და ა.შ.) და ასევე, ბავშვის/ოჯახის ცხოვრებაში მომხდარი მნიშვნელოვანი ნეგატიური მოვლენები, როგორიცაა უცაბედი მძიმე ავადმყოფობა, მშობლის / ოჯახის წევრის გარდაცვალება და ა.შ. ამრიგად, როგორც ზემოთ მოცემული ფაქტორებიდან ჩანს, ოჯახის მოწყვლადობას, ძირითადად, სოციალური და ეკონომიკური ფაქტორები განაპირობებს. ეკონომიკური მოწყვლადობა არის შემოსავალზე დამოკიდებული სიღარიბის რისკი ან ცხოვრების დონის შენარჩუნების უუნარობა კრიზისული სიტუაციის პირობებში. სოციალური მოწყვლადობა კი წარმოადგენს რისკს იმისა, რომ ოჯახმა დაკარგოს სოციალურ, ეკონომიკურ და სამოქალაქო ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობის შესაძლებლობა. შესაბამისად, ეკონომიკური მოწყვლადობა შესაძლოა იყოს სოციალური მოწყვლადობის შედეგიც და ამავდროულად, სოციალური მოწყვლადობის ხელშემწყობი ფაქტორიც. ზემოაღნიშნული ფაქტორების დასაძლევად უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება სოციალური დაცვის უფლების უზრუნველყოფას ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის განმარტებით, სოციალური დაცვის უფლება წარმოადგენს საბაზისო შემოსავლის, ჯანდაცვის ძირითადი მომსახურებების, თავშესაფრის და საცხოვრისის, წყლისა და სანიტარული პირობების, საკვებისა და განათლების ყველაზე საბაზისო ფორმის ხელმისაწვდომობის უფლებას.

ობიექტის ტიპი: მონოგრაფია (პროექტის ანგარიში)
თემატიკა: H Social Sciences > H Social Sciences (General)
ქვეგანყოფილება: Faculties/Schools > Faculty of Arts and Sciences
განმათავსებელი მომხმარებელი: დოქტორი შორენა საძაგლიშვილი
განთავსების თარიღი: 23 მარტი 2015 07:54
ბოლო ცვლილება: 24 აპრილი 2015 08:38
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/1809

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა