მედიკამენტების ფინანსური ხელმისაწვდომობა საპენსიო ასაკის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში

ვერულავა, თენგიზ და პატარიძე, რუსუდანი და ომანაძე, ქეთევან და კაპანაძე, ნინი და კოკიჩაიშვილი, თეონა (2016) მედიკამენტების ფინანსური ხელმისაწვდომობა საპენსიო ასაკის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა (2). С. 108-113. ISSN 2449-2469

[img] ტექსტი
მედიკამენტების ფინანსური ხელმისაწვდომობა საპენსიო ასაკის მოსახლეობაში.pdf

Download (563kB)
ოფიციალური URL: http://hepoins.com/index.php/component/k2/item/43-...

რეზიუმე

შესავალი: საპენსიო ასაკის მოსახლეობა დაზღვევის თვალსაზრისით განეკუთვნება ერთ-ერთ მაღალრისკიან ჯგუფს. მათ დაზღვევას კერძო სადაზღვევო კომპანიები, მოსალოდნელი დიდი ხარჯების გამო თავს არიდებენ. აქედან გამომდინარე, ბევრ ქვეყნებში მოსახლეობის ამ ნაწილის სამედიცინო მომსახურებას სახელმწიფო ფარავს. საქართველოში მოქმედებს საპენსიო ასაკის მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც სამედიცინო მომსახურების გარკვეულ სახეებთან ერთად მოიცავს სამკურნალო საშუალებათა ანაზღაურებას დამტკიცებული ნუსხის და ლიმიტის ფარგლებში. მიუხედავად სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამით დაფარვისა, პენსიონერთათვის ჯანდაცვა ხშირად არის კატასტროფული ხარჯების და შესაბამისად მათი გაღატაკების მიზეზი. ჯანდაცვის ხარჯების ყველაზე მზარდი და დიდი წილი მედიკამენტებზე მოდის. თუ გავითვალისწინებთ, რომ სამედიცინო მომსახურების მომხმარებელი უმეტესად საპენსიო ასაკის მოსახლეობაა, ადვილი წარმოსადგენია ჯანდაცვის სერვისებზე და განსაკუთრებით მედიკამენტებზე მათი ფინანსური ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები. კვლევა მიზნად ისახავდა საპენსიო ასაკის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მედიკამენტების ფინანსური ხელმისაწვდომობის და ზოგადად სადაზღვევო პოლისით კმაყოფილების შეფასებას. მეთოდოლოგია: კვლევისათვის გამოყენებულ იქნა პირისპირ ინტერვიუირების მეთოდი სპეციალური სტრუქტურირებული კითხვარების მეშვეობით. გამოკითხვა ჩაუტარდა 500 პენსიონერს. შედეგები: დაზღვეულ პენსიონერთათვის მედიკამენტები სამედიცინო მომსახურების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. ისინი ოჯახის უმთავრეს პრობლემად მედიკამენტების შეძენას და შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღების დაბალ ფინანსურ ხელმისაწვდომობას გამოყოფენ. ასევე დაბალია სახელმწიფოს მიერ მედიკამენტებზე განსაზღვრული წლიური ლიმიტი. გამოკითხულთა მეტი წილი მიიჩნევს, რომ მათ მიერ მედიკამენტებზე ჯიბიდან დახარჯული თანხა განსაზღვრულ ლიმიტს აღემატება, ხოლო ზოგი სიძვირის გამო საერთოდ ვერ ყიდულობს ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტს. დაბალია დაზღვეულთა ინფორმირებულობის დონე სადაზღვევო პაკეტში მედიკამენტების განსაზღვრული ლიმიტით დაფარვის შესახებ. რესპოდენტების გარკვეულ ნაწილს უწევთ ჯიბიდან გადახდა სამედიცინო მომსახურების ისეთ სახეებზე, რომელსაც ფარავს სახელმწიფო დაზღვევის პროგრამა. დისკუსია, დასკვნა: უნივერსალური დაზღვევა საჭიროებს დიდ ფინანსურ რესურსებს, რაც დაბალშემოსავლიანი ქვეყნის ბიუჯეტისათვის მძიმე ტვირთია. საქართველოს არ შეუძლია ყველა მოქალაქისთვის სამედიცინო მომსახურების სრული პაკეტის დაფინანსების უზურნველყოფა. ჯანდაცვის სახელმწიფო პოლიტიკის უმთავრესი მიზანი უნდა გახდეს ჯანდაცვაზე კატასტროფული დანახარჯების შემცირება. იგი ყველაზე მეტად ეხება მაღალი რისკიან ბენეფიციარებს (სიღარიბის ზღვარს ქვემოთ და საპენსიო ასაკის მოსახლეობას, აგრეთვე ქრონიკულ ავადმყოფებს). ჯანდაცვაზე კატასტროფული ხარჯების შემცირება მიიღწევა მაღალი რისკის მქონე მოსახლეობის ფინანსური დაცვის გაზრდით. შესაბამისად, მიზანშეწონილია მოსახლეობის ამ ჯგუფებზე განსაზღვრული სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამის გაფართოება და უპირველესად იმ სერვისების ჩართვა, რომლებიც სამედიცინო მომსახურების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს (მედიკამენტები).

ობიექტის ტიპი: სტატია
არაკონტროლირებადი საკვანძო სიტყვები: ჯანდაცვა
თემატიკა: H Social Sciences > HL Healthcare Policy and Management
H Social Sciences > HO Public Health
ქვეგანყოფილება: Centres > Insurance and Public Health Center
განმათავსებელი მომხმარებელი: Professor Tengiz Verulava
განთავსების თარიღი: 20 ივნისი 2016 07:32
ბოლო ცვლილება: 20 ივნისი 2016 07:32
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/4748

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა