Dynamics of the Georgian mining industry and its current state

Okrostsvaridze, Avtandil (2014) Dynamics of the Georgian mining industry and its current state. In: Dynamics of the Georgian mining industry and its current state. კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN.

[img] ტექსტი
A.O.CENN Project.pdf

Download (1MB)

რეზიუმე

საქართველოს ტერიტორია მდებარეობს კავკასიის ოროგენის ცენტრალურ ნაწილში, რომელიც წარმოადგენს ფანეროზოულ კოლიზიურ წარმონაქმნს და რომელიც ჩამოყალიბდა არაბეთის ფილაქანის და ევრაზიული კონტინენტის კოლიზიის ზონაში. თანამედროვე გეოლოგიურ მეცნიერებაში კავკასიის ოროგენად მიჩნეულია დედამიწის ქერქის კოლიზიური სტრუქტურა, რომელიც ცვალებადი სიმძლავრით (150–250 კმ) გაიდევნება 1200 კმ მანძილზე, NW-SE მიმართულებით შავსა და კასპიის ზღვებს შორის. იგი აგებულია ასაკობრივად დიდი დიაპაზონის (კამბრიულიდან – მეოთხეულის ჩათვლით) და სრულიად გასხვავებული გენერაციის (ულტრაფუძიდან–მაჟავემდე) ქანებით. ამავე დროს, კავკასიის ოროგენში მიმდინარეობდა დედამიწის ქერქის რთული გეოლოგიური პროცესები, რომლის დროსაც მასში ჩამოყალიბდა ისეთი გეოლოგიური სტრუქტურები, სადაც შესაძლებლობა შეიქმნა სასარგებლო წიაღისეულის ფორმირების პირობების. ზოგადად მის აგებულებაში გამოიყოფა სამი დიდი სტრუქტურული ერთეული: მცირე და დიდი კავკასიონის ნაოჭა–შეცოცებითი სისტემები და შიდა კავკასიური მიკროფილა. თანამედროვე გეოტექტონიკური დარაიონების მიხედვით ეს ერთეულები განიხილება როგორც ტერეინული წარმონაქმნები (Gamkrelidze, 1997). ამჟამადაც კავკასიის ოროგენი იმყოფება კოლიზიურ რეჟიმში, სამხრეთისკენ მოძრავ არაბეთის ფილაქანსა და ევრაზიული კონტინენტის სამხრეთ კიდეს შორის რაც ზოგადად განაპირობებს აქტიურ გეოლოგიურ პროცესებს: აზევებას, მიწისძვრებს, ვულკანიზმს, მეწყრულ მოვლენებს, ინტენსიურ დენუდაციას, ნალექდაგროვებებს და ა.შ. რთული და საინტერესო აგებულების, მრავალფეროვანი გეოლოგიური პროცესების და კარგი გაშიშვლების გამო მკვლევარები ხშირად კავკასიას „გეოლოგიურ ლაბორატორიადაც“ მოიხსენიებენ. კავკასიის ოროგენში ხანგრძლივი დროის მანძილზე მიმდინარეობდა ინტენსიური გეოლოგიურმა პროცესებმა, მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი სასარგებლო წიაღისეულის ფორმირება განაპირობა. მიუხედავათ ტერიტორიის სიმცირისა, რეალობაა, რომ საქართველო რომელსაც კავკასიის ცენტრალური ნაწილი უკავია, მდიდარია როგორც ლითონური ისე არალითონური წიაღისეულით. აქვე უნდა განვმარტოთ, რომ ზოგადად სასარგებლო წიაღისეულის ყველა გამოვლინება არ წარმოადგენს საბადოს, რადგანაც საბადო წმინდა ეკონომიკური კატეგორია და წიაღისეული მიეკუთვნება საბადოს იმ შემთხვევაში თუ მისი მოპოვება ეკონომიკურად რენტაბელურია, უფრო კონკრეტულად, თუ მოპოვებულ რესურსს საბაზრო ღირებულება გააჩნია. საბადოს კატეგორიას განსაზღვრავს მასზე მოთხოვნილება და შესაბამისად იგი დროში დინამიურია, თუმცა სამთო–მოპოვებითი მრეწველობის ტექნოლოგიის განვითარების და მსოფლიო ბაზარზე რესურსებზე მოთხოვნილების გაზრდის ფონზე საბადოს მახასიათებლებზე მოთხოვნილება პერმანენტულად მცირდება. ამავე დროს მიგვაჩნია, რომ საბადოს განსაზღვრების კატეგორიას უნდა დაემატოს მნიშვნელოვანი პუნქტი, კერძოდ: „თუ წიაღისეულის მოპოვება მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას არ ახდენს ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე“. თუმცა ამ პუნქტის დამატებას მეწარმეების მხრიდან ბუნებრივია დიდი უაღყოფითი რეაქცია მოყვება. თუმცა ეს პუნქტი რეალურად მოქმედებს განვითარებულ ქვეყნებში. მაგალითისთვის მოვიყვან საფრანგეთს, სადაც ცენრტრალურ მასივზე სახელმწიფომ შეაჩერა ორი ოქროს საბადოს მუშაობა, იმ მოტივით, რომ ისინი უფრო დიდ ზიანს აყენებდნენ გარემოს ვიდრე ქვეყანა იღებდა მოგებას ამ საწარმოებებიდან. საქართველოს ტერიტორია ძირითადად მოიცავს დიდი კავკასიონის სამხრეთ ფერდს, მცირე კავკასიონის ჩრდილო ფერდს და მათ შორის არსებულ დეპრესიას. მის ფარგლებში ფორმირებულია მრავალფეროვანი ლითონური სასარგებლო წიაღისეული: ოქროს, სპილენძის, ტყვიის, თუთიის, მარგანეცის, რკინის, ალუმინის, დრიშხანის და ანთიმონიტის. მრავალფეროვნია აგრეთვე არალითონური სასარგებლო წიაღისეულიც, რომელთაგან არსანიშნავია: ბარიტის, ცეოლითების, ბენტონიტური თიხების, დიატომიტების, კერამიკული ნედლეულის, სამშენებლო მასალების, მოსაპირკეთებელი ქვების, სანახელაო ქვების და აგროქიმიური ნედლეულის. საქართველოს ტერიტორიაზე ლოკალიზებულია აგრეთვე ენერგეტიკული რესურსების სრული სპექტრი: ნავთობის, გაზის, ნახშირის და თერმული წყლების. აქვე უნდა აღინიშნოს მიწისქვეშა მტკნარი წყლის დიდი მარაგები და მაღალი ხარისხის მრავალრიცხოვანი მინერალური წყლები, რომელთა ეკონომიკური მნიშვნელობა დროის პირდაპირპროპორციულად იზრდება. აი ასეთია საქართველოს სასარგებლო წიაღისეულის არასრული ჩამონათვალი, რომლის გონივრული და ოპტიმალური ათვისების და მართვის პირობებში მას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და შესაბამისად მოსახლეობის სოციალურ–ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაში, ხოლო ცუდი მენეჯმენტის შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ქვეყნის ბუნებრივ და სოციალურ გარემოს და აგრეთვე კულტურულ–ისტორიულ მემკვიდრეობას.

ობიექტის ტიპი: წიგნების განყოფილება
თემატიკა: Q Science > QE Geology
განმათავსებელი მომხმარებელი: ავთანდილ ოქროსცვარიძე
განთავსების თარიღი: 28 თებერვალი 2022 07:03
ბოლო ცვლილება: 28 თებერვალი 2022 07:03
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/10993

Actions (login required)

ობიექტის ნახვა ობიექტის ნახვა