<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">შესავალი: მედიცინა მეცნიერების ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი სფეროა და მოითხოვს  განათლების უწყვეტ თვითამაღლებას. საინფორმაციო უზრუნველყოფა წარმოადგენს სამედიცინო მომსახურების სათანადო მართვისა და ხარისხით უზრუნველყოფის ერთ-ერთ საჭირო პირობას. კვლევის მიზანს წარმოადგენდა პირველადი ჯანდაცვის მენეჯერებისა და სპეციალისტების საინფორმაციო მოთხოვნების შესწავლა, სამეცნიერო-სამედიცინო ინფორმაციის წყაროების და პირველადი ჯანდაცვის თემატიკაზე არსებული თანამედროვე სამეცნიერო პუბლიკაციების საინფორმაციო ნაკადის ანალიზის ჩატარება. მეთოდოლოგია: თვისებრივი კვლევის კომპონენტის ფარგლებში ჩატარდა ჩაღრმავებული ინტერვიუ პირველადი ჯანდაცვის მენეჯერებთან და სამედიცინო პერსონალთან. ხოლო რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა პირისპირ ინტერვიუირება სპეციალური სტრუქტურირებული კითხვარების მეშვეობით სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერებთან და სამედიცინო პერსონალთან. კვლევის არეალს წარმოადგენდა ქ. თბილისისა და ზუგდიდის რაიონის (დასავლეთ საქართველო) პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო დაწესებულებები. შედეგები: პირველადი ჯანდაცვის ხელმძღვანელების და სამედიცინო პერსონალის სამეცნიერო-ინფორმაციული უზრუნველყოფა მიმდინარეობს უსისტემოდ და სტიქიურად.  ნაკლები ყურადღება ექცევა სამეცნიერო ხასიათის ინფორმაციას, უპირატესობა ენიჭება შესაბამისი პროფესიის ხელმისაწვდომ საინფორმაციო წყაროებს. საქართველოში ძალიან მცირეა პროფილური ჟურნალების რაოდენობა, ან ზოგიერთი განხრით საერთოდ არ არსებობს, მიღებული სამეცნიერო ინფორმაცია არასაკმარისი მოცულობისაა. სიძნელეს წარმოადგენს ინფორმაციის მოძიება, რადგან უმეტესობამ არ იცის, თუ როგორ მოიძიონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, გარკვეულ როლს თამაშობს ენობრივი ბარიერი, დროის სიმწირე და ფინანსური სირთულეები. შესაბამისად, დაბალია საინფორმაციო სისტემის მიმართ კმაყოფილება. საჭირო ინფორმაციის მოპოვება უმთავრესად ხდება ინტერნეტის დახმარებით. თუმცა, დაბალია მოპოვებული ინფორმაციისადმი ნდობა. დისკუსია, დასკვნა:  დღეისთვის მწვავედ დადგა პირველადი ჯანდაცვის სისტემის საინფორმაციო-სამეცნიერო უზრუნველყოფის ობიექტური მოთხოვნილება, მისი თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიებით აღჭურვის საჭიროება. თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების მეშვეობით პირველადი ჯანდაცვის მუშაკები შეძლებენ განავითარონ ცოდნა, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, გაეცნონ დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის ინოვაციურ მეთოდებს. ამ მხრივ, საჭიროა ინფორმაციული უზრუნველყოფის მექანიზმების შემუშავება, რომელიც აამაღლებს სათანადო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას და ხარისხს, რაც დადებით გავლენას იქონიებს ჯანდაცვის სისტემის მთავარი მიზნის - მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიღწევაში.</abstract>
