<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">შესავალი: მსოფლიოში საფონდო ბაზრებზე სადაზღვევო კომპანიები და საპენსიო ფონდები ერთ-ერთი ძირითადი მონაწილეები არიან და მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებენ ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებით. ნაშრომის მიზანია, საქართველოს სადაზღვევო სექტორის საინვესტიციო საქმიანობის ანალიზი და მისი სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრა, რათა გამოვლინდეს სადაზღვევო კომპანიების საინვესტიციო პოტენციალი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის. მეთოდოლოგია: აღწერითი კვლევის საფუძველზე მოხდა სადაზღვევო ინვესტიციების თეორიული ბაზისის შესწავლა და საერთაშორისო საინვესტიციო მოდელების განხილვა. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებშიც მოხდა საქართველოს სადაზღვევო სექტორის საინვესტიციო საქმიანობის ანალიზი და სადაზღვევო კომპანიების, როგორც ინსტიტუციური ინვესტორების როლის განვითარების პერსპექტივების შეფასება. კვლევის თვისებრივი კომპონენტის ფარგლებში განხორციელდა ქართული სადაზღვევო კომპანიების ფინანსური მენეჯერების გამოკითხვა სიღრმისეული ინტერვიურების მეთოდით. შედეგები: საქართველოში სადაზღვევო სექტორს, გლობალური ტენდენციებისგან განსხვავებით, აქვს გაცილებით უფრო დაბალი კაპიტალიზაცია, ვიდრე საკრედიტო დაწესებულებებს (ბანკებს), რომელთა საშუალო მაჩვენებელი 2008-2013 წ. შესაბამისად ტოლია: ერთი სადაზღვევო კომპანია — საშუალოდ, 6 მლნ. ლარი სააქციო კაპიტალი, ერთი კომერციული ბანკი - საშუალოდ, 2 015 მლნ. ლარი სააქციო კაპიტალი. რაც შეეხება აქტივების მოცულობას, 2008-2013 წლებში, საშუალოდ, ერთი კომერციული ბანკის აქტივები, თითქმის 45-ჯერ აღემატება ერთი სადაზღვევო კომპანიის აქტივების საშუალო მაჩვენებელს. ამის გამო, საქართველოში საბანკო სექტორი ფინანსური ბაზრის მთავარი მოთამაშეა. შედეგების ინტერპრეტაცია: სადაზღვევო ინვესტიციების როლის განვითარებას აფერხებს ქვეყნის ეკონომიკური ფონი და საინვესტიციო გარემო, სადაც არ არსებობს არეალი კაპიტალდაბანდების განსახორციელებლად. ასევე დაბალია სიცოცხლისა და საპენსიო დაზღვევის ბაზრების განვითარების დონე, რაც გამოწვეულია საზოგადოების უნდობლობით სადაზღვევო ინდუსტრიის მიმართ. დასკვნა: საქართველოს ეკონომიკაში სადაზღვევო სექტორის საინვესტიციო პოტენციალი არის დაბალი. გამომდინარე იქიდან, რომ სადაზღვევო სექტორისათვის უმთავრეს საინვესტიციო წყაროს წარმოადგენს სიცოცხლის და საპენსიო დაზღვევა, მიზანშეწონილია მათი განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაზღვევის ამ სახეებზე გარკვეული საგადასახადო შეღავათების დაწესება.</abstract>
