<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის შემოღების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების და მათ შორის გადაუდებელი ნეიროქირურგიული ოპერაციების ფინანსური ხელმისაწვდომობა. პროგრამით განსაზღვრულია 24 ნოზოლოგია რომელთა სტაციონარული მომსახურება 100 %-ით ანაზღაურდება. კვლევის მიზანს წარმოადგენდა გადაუდებელი ნეიროქირურგიული სერვისების ფინანსური ხელმისაწვდომობის შესწავლა. მეთოდოლოგია: კვლევისათვის შეირჩა საუნივერსიტეტო კლინიკა „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი“. გამოყენებულ იქნა ჩაღრმავებული ინტერვიუ ცენტრის მენეჯერების და სამედიცინო პერსონალის მონაწილეობით და პირისპირ ინტერვიუირების მეთოდი სპეციალური სტრუქტურირებული კითხვარების მეშვეობით ნეიროქირურგიული პროფილის პაციენტებთან. შედეგები, დისკუსია: საყოველთაო ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებისადმი ფინანსური ხელმისაწვდომობა. თუმცა, მიუხედავად ბაზისური პაკეტით უზრუნველყოფისა, სახელმწიფო პროგრამით არ ფინანსდება გადაუდებელი ნეიროქირურგიული ოპერაციების გარკვეული სახეები და მკურნალობისათვის საჭირო მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები (მაგ., კომპიუტერული და მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია). სახელმწიფო პროგრამით გადაუდებელი ნეიროქირურგიული მკურნალობისათვის განსაზღვრული ლიმიტი (15 000 ლარი) არ არის საკმარისი. პაციენტთა გარკვეულ ნაწილს მოუწია მკურნალობის ღირებულების მნიშვნელოვანი ნაწილის ჯიბიდან გადახდა, რაც უარყოფითად ზემოქმედებს მათ ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე. დასკვნა: მოსახლეობის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მიზანშეწონილია, სახელმწიფო ჯანდაცვის  პროგრამებში გადაუდებელი ნეიროქირურგიული ნოზოლოგიების ჩამონათვალის გაფართოება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მაღალტექნოლოგიური კვლევების დაფინანსება, ასევე, გადაუდებელი ნეიროქირურგიული დაავადებების ჩართვა ისეთი ფინანსური ლიმიტით, რომ თავიდან იქნას აცილებული პაციენტის კატასტროფული დანახარჯები. </abstract>
