<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">წინამდებარე სახელმძღვანელო შეიქმნა სამაგისტრო არჩევითი კურსისთვის „სოციალური&#13;
მუშაობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში“, რომლის სწავლებაც 2014&#13;
წლის შემოდგომის სემესტრიდან დაინერგება სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის&#13;
ფარგლებში თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას&#13;
უნივერსიტეტში. კურსი მიმოიხილავს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში&#13;
რეაბილიტაციისა და კეთილდღეობის თეორიის, პოლიტიკისა და პრაქტიკის მეთოდებს.&#13;
ევროპასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის&#13;
საკვანძო მიზნებია სამართალდამრღვევთა რეაბილიტაცია და რეინტეგრაცია. სასჯელის მიზანია&#13;
სამართალდამრღვევთა დასჯა და დანაშაულებრივი ქცევის დათრგუნვა, მაგრამ ის, ასევე,&#13;
მიმართული უნდა იყოს ადამიანებში იმგვარი ცვლილებების მოხდენაზე, რომ მათ შეწყვიტონ&#13;
დანაშაულებრივ ქცევა და გახდნენ საზოგადოებაში პოზიტიური წვლილის შემტანი მოქალაქეები.&#13;
ევროპულ ოჯახში მიმდინარე ინტეგრაციის პროცესში საქართველოში აქტიურად ხდება სისხლის&#13;
სამართლის მართლმსაჯულების სისტემის ამ ღირებულებების დამკვიდრება. თბილისის ივანე&#13;
ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას უნივერსიტეტი ეხმიანება დღეს&#13;
საქართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში&#13;
სოციალური მუშაობის როლის გააზრების მცდელობას, რომლის ნათელი დასტურიცაა&#13;
ზემოაღნიშნული კურსის დანერგვა სოციალური მუშაობის სწავლების პროცესში.&#13;
სოციალური მუშაობის მეთოდებისა და ღირებულებების სისხლის სამართლის მართლმსაჯულების&#13;
სისტემაში დანერგვა წარმატებული რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის სტრატეგიების საკვანძო&#13;
ელემენტს წარმოადგენს. თუმცა ამ სფეროში სოციალური მუშაობა საჭიროებს სპეციალიზებულ&#13;
ცოდნას და მიდგომას, რომელიც აღიარებს კანონის უპირატესობას.&#13;
სახელმძღვანელო „სოციალური მუშაობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში“&#13;
მოამზადა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას&#13;
უნივერსიტეტისა და ევროკავშირის პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების&#13;
სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ (2012-2015 წწ) წარმომადგენლების გუნდმა.&#13;
სახელმძღვანელოს მომზადება სასიამოვნო და ამავდროულად მეტად საპასუხისმგებლო პროცესი&#13;
იყო თითოეული ჩვენგანისთვის, ჩვენ ბევრი რამ შევიძინეთ ერთმანეთისგან. მადლობას ვუხდით&#13;
ენდრიუ ბერნჰარდტს, სალომე ნამიჭეიშვილს, შორენა საძაგლიშვილს, ია შეყრილაძესა და ანტონ&#13;
ქელბაქიანს დაუღალავი შრომისთვის და მრავალი საათისთვის, რაც ამ სახელმძღვანელოს&#13;
მომზადებას და გადახედვას დაუთმეს; ასევე, ლალი ჩხეტიას, ზემოაღნიშნული პროექტის მენეჯერს&#13;
პრობაციის მიმართულებით, ჩვენი შრომის მოთმინებით ორგანიზებისა და სახელმძღვანელოს&#13;
გამოსაცემად მომზადებისთვის.&#13;
ვიმედოვნებთ, რომ სახელმძღვანელო სტუდენტებს შესთავაზებს სისხლის სამართლის&#13;
მართლმსაჯულების სფეროში თეორიის, პოლიტიკისა და პრაქტიკის შედარებითი ანალიზის&#13;
ნათელ სურათს და ხელს შეუწყობს კრიტიკულ აზროვნებას. ამ კურსმა შესაძლოა ბევრი სტუდენტი&#13;
შეაგულიანოს, კარიერა სწორედ ამ სფეროს დაუკავშირონ და ამით წვლილი შეიტანონ უსაფრთხო&#13;
და ინკლუზიური საზოგადოების განვითარებაში.</abstract>
