<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">სოც.რეალიზმი ალბათ ერთ-ერთი იმ იშვიათ ლიტერატურულ ტენდენციათაგანია, რომელიც ყველაზე მეტად აახლოებს ქართულ ლიტერატურას გერმანულენოვან ლიტერატურასთან, რადგან 1945-1990 წწ. როგორც ქართული, ისე აღმოსავლეთ გერმანული (ე.ი. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის) ლიტერატურა კოლონიური სინამდვილის ფარგლებში იწერებოდა.&#13;
ლექციაზე აღმოვაჩენთ, რომ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში შექმნილი ლიტერატურა სულაც არ ყოფილა ისეთი ერთფეროვანი, როგორც წარმოგვედგინა; ჩვენ შევიტყობთ, რის შესახებ წერდა „მწერალ მუშათა წრეები“ და რა არის „აღმშენებლობითი რომანი“; გავარკვევთ, რატომ მოიპოვება დღემდე ყველა ქართულ ბიბლიოთეკაში ერვინ შტრიტმატერის, ვილი ბრედელის, ანა ზეგერსის, ჰერმან კანტისა და სხვათა ნაწარმოებები; დავაკვირდებით, როგორ შეიცვალა აღმოსავლეთ გერმანული ლიტერატურის თემატიკა 60-იან წლებში, როდესაც მწერალთა ახალი თაობის კრიტიკული დამოკიდებულება ცხოვრების სოციალისტური წესის მიმართ აშკარა გახდა; გავიცნობთ მწერალ ქალს (ქრისტა ვოლფს), რომელმაც მოახერხა, თანაბრად ცნობილი გამხდარიყო ორივე გერმანიაში; დავფიქრდებით, რატომ წერდა უვე იონსონი იდენტობადაკარგულ ადამიანებზე და რატომ იქცა ფოლკერ ბრაუნისთვის სოციალიზმი უშინაარსო მეტაფორად.&#13;
</abstract>
