<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">საზოგადოების ინტერესი განათლების მიმართ ყოველთვის დიდი იყო, არის და იქნება. მისი განვითარება მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური წარმატებების მისაღწევად, რადგან განათლება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი, რომელიც უშუალოდ ზემოქმედებს ნებისმიერი ქვეყნის განვითარებაზე. ისტორიულად, ჩვენს ქვეყანაში განათლების სისტემა განსხვავებული იყო დასავლური სისტემისაგან, შესაბამისად განსხვავებული იყო დამოკიდებულებაც განათლების სოციალურ-ეკონომიკური პრინციპების მიმართ. დღემდე განათლება განიხილებოდა, როგორც მხოლოდ სახალხო მეურნეობის შემადგენელი დარგი და უგულებელყოფილი იყო განათლების ეკონომიკური თეორია, როგორც დამოუკიდებელი დისციპლინა. წინამდებარე ნაშრომში გადმოცემული მასალა სრულიად ახალია ქართული საზოგადოებრიობისათვის. იგი მიზნად ისახავს დასავლური და თანამედროვე ქართული საგანმანათლებლო სისტემების განხილვას, იმ პრინციპების გადმოცემასა და გამოყენებას, რომლებიც უზრუნველყოფენ განათლების სისტემის ტრანსფორმაციას თანამედროვეობისათვის დამახასიათებელი გლობალური ფასეულობების შესაბამისად. წარმოდგენილი ნაშრომი ემსახურება პედაგოგებისა და განათლების სფეროს ხელმძღვანელი მუშაკების მომზადებას. ვიმედოვნებთ, რომ იგი ხელს შეუწყობს უმაღლეს სასწავლებლებში განათლების ეკონომიკური თეორიის კურსის დანერგვას, რაც აუცილებელი პირობა იქნება საქართველოში განათლების სისტემის სრულყოფისათვის და დემოკრატიული, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის. რამდენადაც ასეთი სახის ნაშრომი პირველია საქართველოში, ამიტომ იგი უნაკლო არ იქნება და მასში გადმოცემული მრავალი საკითხი შესაძლოა საკამათო იყოს. ავტორთა კოლექტივი სიამოვნებით მიიღებს ყველა იმ შენიშვნას, რომელიც მომავალში მის დახვეწას შეუწყობს ხელს.</abstract>
