The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
Cover Image
close this book სემიოტიკა 2008 №3
close this folder სემიოტიკის ისტორია და თეორია
View the document როლან ბარტის სემიოლოგიური კონცეფციისათვის
View the document ინტერტექსტუალობა, როგორც ფიქციონალობის სიგნალი
View the document როლან ბარტი და ქართული ისტორიული დისკურსი

ინტერტექსტუალობა, როგორც ფიქციონალობის სიგნალი

 

ლევან ცაგარელი

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის დასავლეთ ევროპის ენების და ლიტერატურის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი. ძირითადი ნაშრომები: Die Besonderheiten der Realitätskonstruktion in Arno Schmidts Abend mit Goldrand (Literatur im Unterricht. Texte der Moderne und Postmoderne in der Schule. 3, Wissenschaftlicher Verlag Trier 2006); ფიქცია, ფანტასტიკა, არასანდო თხრობა (მონოგრაფია, თბილისი, 2006 .); „ავგუსტ სტრინდბერგი, როგორც არასანდო მთხრობელი („ჯოჯოხეთისნარატოლოგიური ანალიზი) და სხვ. ამჟამად მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე (“არნო შმიტის გვიანდელი პროზა - როგორც მეტაფიქცია”). ინტერესის სფერო: XX -ის გერმანული ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია.

ფრანკ ციპფელი ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი მკვლევარია, რომელიც ფიქციონალობის სიგნალებს შორის ინტერტექსტუალობასაც ახსენებს. თუმცა ამას ერთობ ზედაპირულად აკეთებს და მხოლოდ სტრუქტურული ინტერტექსტუალობის ფენომენით შემოიფარგლება (ციპფელი 2001:237). სინამდვილეში ინტერტექსტობრივ მიმართებათა სხვა ფორმებიც შეიძლება მიუთითებდეს ტექსტის ფიქციონალობაზე. ჩვენი მოსაზრების დასასაბუთებლად მართებული იქნება მოკლედ განვიხილოთ ინტერტექსტუალობის თეორია და საგანგებოდ შევისწავლოთ ტექსტებს შორის

მიმართების ის ფორმები, რომლებსაც ფიქციონალობის დადგენისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ტერმინი „ინტერტექსტუალობა“ XX ს-ის 60-იანი წლების ლიტერატურის თეორიაში დაამკვიდრა ფრანგმა მკვლევარმა იულია კრისტევამ. ი. კრისტევამ საკუთარი თეორიის შემუშავებისას მიმართა ჯერ კიდევ რუსი ფორმალისტის-მიხაილ ბახტინის მიერ შემოღებულ ცნებას - „დიალოგურობა“ (ბახტინი 1975). მ. ბახტინის აზრით, ყველა გამონათქვამი, რომელიც ლიტერატურულ ტექსტში გვხვდება, უშუალო კავშირშია დიალოგსა და ციტატთან, მასში ისმის ერთგვარი ექო სხვა გამონათქვამებისა. რადგანაც ენა სოციალური ფენომენია, ჩვენს მიერ ხმარებული სიტყვები გაჯერებულია სხვა მოუბართა ინტენციებითა და აქცენტებით. გამონათქვამის მნიშვნელობა წარმოიქმნება უცხო სიტყვებისა და ღირებულებების, სხვადასხვა სოციალ ური და პროფესიული ენების ურთიერთქმედების შედეგად.

ტერმინის აღორძინება და გადააზრება იულია კრისტევას მიერ განხორციელდა პოსტსტრუქტურალიზმის, როგორც ფილოსოფიური და ლიტერატურათმცოდნეობითი მიმართულების, ჩამოყალიბების პროცესში. პოსტსტრუქტურალიზმს საფუძვლად უდევს დებულება, რომლის მიხედვითაც, ტექსტი, როგორც დასრულებული ერთეული არ არსებობს, თითოეული ტექსტი სხვა ტექსტებს უკავშირდება და წარმოადგენს „ტექსტების კოსმოსის“ - „გლობალური ტექსტის“ (texte général) ნაწილს. ეს უკანასკნელი მოიცავს არა მხოლოდ ფიქციონალურ, არამედ ყველა შესაძლო ტექსტს, რადგან თვით სინამდვილეც (ჟაკ დერიდას მოსაზრებით) მხოლოდ ტექსტის სახით არსებობს. სწორედ ამ თეორიულმა გარემოცვამ განაპირობა ინტერტექსტუალობის ცნების აბსტრაქტულობა. იულია კრისტევას თეორიის მიხედვით (კრისტევა 1972), ტექსტი წარმოადგენს ციტატების მოზაიკას, თითოეული ტექსტი სხვა ტექსტების შთანთქმისა და ტრანსფორმაციის საფუძველზე იქმნება. ი. კრისტევას კონცეფციაში სრულიად უგულებელყოფილია ავტორის ინტენცია, კომუნიკანტებს შორის დიალოგს ენაცვლება დიალოგი ტექსტებს შორის და ინტერტექსტუალობა გვევლინება ყველა ტექსტისთვის დამახასიათებელ თავისებურებად.

ფაქტობრივად, ი. კრისტევას ხაზს აგრძელებს ჰაროლდ ბლუმიც (ბლუმი 1995). თუმცა იგი ინტერტექსტუალობის ფენომენს ცალკეულ პიროვნებებს უკავშირებს, რის გამოც მისი კონცეფცია უფრო პერსონალურ ხასიათს ატარებს. ჰ. ბლუმის შეხედულებით, არ არსებობს ტექსტები, არსებობს მხოლოდ ტექსტებს შორის მიმართება. ცალკეული ტექსტი კი სხვა არაფერია, თუ არა ერთგვარი ბრძოლის ველი, რომელზეც ავტორი ოიდიპოსის მსგავსად ებრძვის წინარეტექსტებსა და „მამების“ გავლენას.

ინტერტექსტუალობის ამ ერთობ ფართო ცნებისგან საგრძნობლად განსხვავდება მისი მეორე მოდელი. ინტერტექსტუალობა ვიწრო გაგებით გულისხმობს შეგნებულ, წინასწარ განზრახულ და მარკირებულ მიმართებათა

ერთობლიობას ერთ ტექსტსა და წინარეტექსტებს ან ტექსტთა ჯგუფებს შორის. წინამდებარე ნაშრომში ინტერტექსტუალობა სწორედ ამ ვიწრო გაგებით იქნება გამოყენებული, ე.ი. როგორც გარკვეული ტექსტების (ან ტექსტთა ჯგუფების) განსაკუთრებული თვისება.

ამჟამად მოგვეპოვება ტექსტებს შორის არსებული მიმართებების არაერთი კლასიფიკაცია. გერმანელი ლიტერატურათმცოდნე, რენატე ლახმანი განარჩევს დიალოგურობის რამდენიმე ფორმას: დიალოგურობა, როგორც „ტექსტების საერთო განზომილება“, დიალოგურობა, „როგორც ტექსტებში აზრის გადმოცემის განსაკუთრებული ფორმა“, როგორც „დიალოგი სხვა ტექსტებთან (ინტერტექსტუალობა), დიალოგი მოცემულ კულტუ რულ კონტექსტში დაპირისპირებულ სხვადასხვა სოციალურ დიალექტთან (მეტყველების მრავალფეროვნება) და დიალოგი უცხო მოსაზრებასთან, რაც „ორხმოვანი სიტყვის“ სახით მჟღავნდება და ორი მეტყველი ინსტანციის დაპირისპირებას გულისხმობს (დიალოგურობა პირველადი გაგებით). (ლახმანი 1982:8)

ინტერტექსტუალობის ფორმების ყველაზე სისტემატური ტიპოლოგია ჟერარ ჟენეტმა შეიმუშავა. თავის ცნობილ წიგნში პალიმფსესტები მან თავი მოუყარა ტექსტობრივ მიმართებათა ყველა შესაძლო ფორმას ერთი ტერმინის - ტრანსტექსტუალობის ფარგლებში (ჟენეტი 1993). ამ უკანასკნელს იგი ხუთ კატეგორიად ყოფს: 1. ინტერტექსტუალობა ანუ ორი ან მეტი ტექსტის თანაარსებობა, რომლის დროსაც ერთი ტექსტის ელემენტები თვალსაჩინოდაა მოცემული მეორეში (ციტატი, მინიშნება, პლაგიატი და სხვ.); 2. პარატექსტუალობა ანუ მიმართება ტექსტსა და სათაურს, წინათქმას, ბოლოსიტყვასა და სხვ. შორის; 3. მეტატექსტუალობა, რომლის შემთხვევაშიც ერთი ტექსტი მოიცავს წინარეტექსტის კომენტარსა და კრიტიკას; 4. ჰიპერტექსტუალობა ანუ წინარეტექსტის ტრანსფორმაცია, რომლის დროსაც ერთი მთლიანი ტექსტი უდევს საფუძვლად მეორეს (იმიტაცია, გაგრძელება, პაროდია და ა.შ.); 5. არქიტექსტუალობა, რომელიც გულისხმობს ტექსტის ჟანრობრივ კავშირს ტექსტების გარკვეულ ჯგუფთან. ჟ. ჟენეტის ტიპოლოგია, მართალია, ამომწურავი ჩანს, მაგრამ მას გარკვეული ხარვეზებიც აღმოაჩნდა: (1) ლიტერატურულ პრაქტიკაში ინტერტექსტუალობას, მეტატექსტუალობასა და ჰიპერტექსტუალობას შორის საზღვარი იშლება; (2) პარატექსტუალობა კი სრულიად სხვა რიგის ფენომენია, იგი არ სცილდება ერთი ტექსტის ფარგლებს; (3) ჟ.ჟენეტის ტი პოლოგიას არ მოეპოვება კლასიფიკაციის ერთიანი კრიტერიუმები: თუ ინტერტექსტუალობის ცნებას მარკირების კრიტერიუმი უდევს საფუძვლად, მეტატექსტუალობა დიალოგურობის (ე.ი. ნორმატიული თანხვედრის) კრიტერიუმს ეფუძნება, ჰიპერტექსტუალობა და არქიტექსტუალობა კი სრულიად სხვა სახის მიმართებებს მოიცავს, კერძოდ, მიმართებებს ტექსტსა და სხვა ტექსტების სტრუქტურას ან სისტემებს (როფორიცაა ჟანრობრივი, მედიალური და სხვ. სისტემა) შორის. ჟ. ჟენეტის კლასიფიკაციაზე დაკვირვება ცხადყოფს, რამდენად აუცილებელია ინტერტექსტუალობის სისტემატიზაციისთვის გარკვეული კრიტერიუმების შემუშავება, როგორც ამას ულრიჰ ბროიჰი და მანფრედ პფისტერი ცდილობენ თავიანთ კრებულში.

ინტერტექსტობრივი ელემენტი შეიძლება განისაზღვროს, როგორც ინტექსტი, რომელიც უცხო წინარეტექსტში (იგივე პროტოტექსტში) წარმოიქმნა და შემდეგ შევიდა ახალი (ფენო)ტექსტის შემადგენლობაში. იმის მიხედვით, რამდენად გამოკვეთილი და მკაფიოა ინტერტექსტობრივი მითითება, შესაძლებელია მოხდეს მთლიანი წინარეკონტექსტის აქტუალიზება ფენოტექსტის რეცეფციის დროს.

იმისთვის, რომ რაიმე ელემენტი ინტერტექსტობრივ ერთეულად მივიჩნიოთ, საჭიროა იგი აკმაყოფილებდეს გარკვეულ პირობებს, სახელდობრ, ინტერტექსტობრივია წინარეტექსტიდან გადმოღებული მხოლოდ ისეთი ელემენტები, რომლებიც ავტორმა შეგნებულად, გამიზნულად და გამოკვეთილად ჩართო თავის ტექსტში და რომლებსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ უკანასკნელის შეტყობინების გადმოცემაში. ხოლო შემთხვევითი ინტერტექსტუალობის ისეთი სახესხვაობები, როგორიცაა პლაგიატი, გავლენა და ეპიგონობა, მოკლებულია კომუნიკაციურ ღირებულებას.

მანფრედ პფისტერი გამოყოფს ინტერტექსტუალობის შემდეგ კრიტერიუმებს: რეფერენტულობა, კომუნიკაციურობა (იგივე გამიზნულობა), ავტორეფლექსიურობა (რომელიც, ვფიქრობ, მარკირებულობის ერთგვარი სახეა), სტრუქტურულობა, სელექციურობა და დიალოგურობა.

რეფერენტულობის კრიტერიუმი გულისხმობს უცხო ტექსტის თემატიზებას: ყოველთვის, როდესაც ფენოტექსტი რაიმე წინარეტექსტს უკავშირდება, ხორციელდება ამ უკანასკნელის კომენტირება, შეფასება და ინტერპრეტაცია. ესაა ჟენეტისეული მეტატექსტუალობის ერთგვარი ნაირსახეობა. რეფერენტულობა ყოველთვის განსხვავებული სახით ვლინდება, რაც ხშირად წინარეტექსტის თავისებურებებზე, ფენოტექსტში ინტერტექსტობრივი ელემენტების რაოდენობასა და გავრცელების არეზეა დამოკიდებული. დუბრავკა ორაიჩ ტოლიჩი თავის კლასიფიკაციაში წინარეტექსტის რაგვარობის მიხედვით გამოყოფს ინტერტექსტუალობის შემდეგ ტიპებს (ორაიჩ ტოლიჩი 1995:40-41):

1. შიდალიტერატურული ინტერტექსტუალობა. ამ შემთხვევაში უცხო ელემენტი ლიტერატურული წარმოშობისაა;

2. ინტერმედიალური ინტერტექსტუალობა. ამ შემთხვევაში უცხო ელემენტი სხვა ფიქციონალური სისტემებიდან (მედიებიდან, როგორიცაა სახვითი ხელოვნება, მუსიკა, კინემატოგრაფია) არის ნასესხები;

3. ტრანსსემიოტიკური ინტერტექსტუალობა. ამ შემთხვევაში ინტერტექსტობრივი ელემენტი ფაქტუალური (არაფიქციონალური) ტექსტიდან არის აღებული.

შიდალიტერატურული ინტერტექსტუალობა მოიცავს ტექსტობრივ და სისტემურ რეფერენტულობას. პირველ შემთხვევაში ტექსტი უკავშირდება ერთ ან რამდენიმე წინარეტექსტს (მაგ. ციტატი, ეპიგრაფი, ცენტო, თარგმანი, გადამუშავება, იმიტაცია, პარაფრაზი, რეზიუმე, კონტრაფაქტურა); სისტემური რეფერენტულობა კი გულისხმობს „კავშირს ენობრივ კოდებსა და ტექსტუალობის ნორმატიულ სისტემებთან, რაც მხ ოლოდ ამ კოდის დარღვევისა და ნორმიდან გადახვევის შემთხვევაში აშკარავდება“ (ბროიხი 1985:52). როგორც ტექსტობრივი, ისე სისტემური რეფერენტულობა შეიძლება იყოს კონტამინატორული ან ანაგრამული იმის მიხედვით, ინტერტექსტობრივი ელემენტები რამდენიმე სხვადასხვა წინარეტექსტიდან ჟანრობრივი სისტემიდან არის აღებული თუ ერთი წინარეტექსტიდან ან ჟანრობრივი სისტემიდან. ამასთან, წინარეტექსტების ურთიერთმიმართება შეიძლება იყოს ჰომოგენური ან ჰეტეროგენული. პირველ შემთხვევაში თავს იჩენს პერსპექტიული თანხვედრა, მეორე შემთხვევაში კი პერსპექტიული წყვეტა (ლინდნერი 1985).

სტრუქტურულობის კრიტერიუმის მეშვეობით შესაძლებელია გამოვყოთ ელემენტარული და სტრუქტურული (მიმართებითი) ინტერტექსტუალობა1. ელემენტარული ინტერტექსტუალობის შემთხვევაში წინარეტექსტის ცალკეული ელემენტებია (მოქმედი პირები, მოტივები, თემები) გადმოღებული, ხოლო სტრუქტურული ინტერტექსტუალობის დროს ცალკეულ ელემენტებს შორის მიმართებები მეორდება. თეორიულად დასაშვებია ამ ორთავე ხერხის კომბინირებაც.

სელექციურობის კრიტერიუმი განსაზღვრავს, რამდენად მკაფიოდაა გამოკვეთილი ინტერტექსტობრივი ელემენტი. მოგვეპოვება ინტერტექსტუალობის ექსპლიციტური და იმპლიციტური სიგნალები. ექსპლიციტური სიგნალებია, მაგალითად, მარკირებული პაუზა, ინქუიტ-ფორმულა, ციტირებისას განსხვავებული შრიფტის გამოყენება, გამოტოვებული ხაზი, გარკვეული საკუთარი სახელები, ზუსტი მითითებები წინარეტექსტზე. მარკირების უკიდურესი შემთხვევები გვხვდება სქოლიოში, სათაურსა და ქვესათაურში (არქიტექსტუალობა), წინათქმასა და ბოლოსიტყვაში. იმპლიციტურ სიგნალებს განეკუთვნება წინარეტექსტის სათაურისა და წინარეტექსტის ავტორის სახელის მითითება, წინარეტექსტის პერსონაჟების, მოტივებისა და სტილისტური ხერხების გამეორება ფენოტექსტში, წინარეტექსტის არსებობა შიდა ფიქციონალურ დონეზე რაიმე ნივთის (მაგ. ,წიგნის) სახით, ფენოტექსტის მხატვრულ სამყაროში გამართული

საუბარი უცხო ტექსტის შესახებ ან მისი წაკითხვა რომელიმე მოქმედი პირის მიერ, ალუზიები, ენობრივი კოდის ცვლა და შესაბამისი ინტერფერენციები (ამასთან, რაც უფრო უცხოა წინარეტექსტის ენობრივი კოდი ფენოტექსტისთვის, მით უფრო მკაფიოდაა მარკირებული ჩართული სეგმენტის ინტერტექსტობრივი ხასიათი) (პლეტი 1985). ყველაზე მკაფიოდ ინტერტექსტუალობის მარკირება ხორციელდება ციტატის შემთხვევაში:

ფენოტექსტის გარკვეული მონაკვეთი გარდაიქმნება და ჩანაცვლდება სეგმენტით უცხო ტექსტიდან. იმპლიციტური (აგრეთვე შიფრირებული) ინტერტექსტუალობის დროს კი - პირიქით: გარდაქმნას განიცდის წინარეტექსტი, რომლის ელემენტებიც სხვადასხვა რიტორიკული ოპერაციის (დამატება, ჩანაცვლება, შეკვეცა, გარდაქმნა, გამეორება) გავლის შემდეგ სახეს იცვლის და სწორედ ასეთი სახეცვლილი ფორმით შედის ფენოტექსტის შემადგენლობაში. პირველ შემთხვევაში სრულ ციტატებთან გვაქვს საქმე, მეორეში კი - ნაწილობრივთან. გარდა ამისა, მოიპოვება ე.წ. ვაკანტური, ანუ ცარიელი ციტატები. დუბრავკა ორაიჩ ტოლიჩი გამოყოფს ვაკანტური ციტატის ორ სახეობას: ფსევდოციტატი და პარაციტატი. ფსევდოციტატი ქმნის ილუზიას, რომ ფენოტექსტსა და პრეტექსტს შორის არსებობს კავშირი, სინამდვილეში კი ამგვარი კავშირი არ არსებობს. პარაციტატის შემთვხვევაში კი წინარეტექსტი საერთოდ არ არსებობს. ორივე ფენომენი განეკუთვნება ფსევდო-ინტერტექსტუალობის სფეროს, რომელშიც ტექსტებს შორის კავშირი უბრალო სიმულაციაა.

დიალოგურობის კრიტერიუმი კი გულისხმობს პირველად და ახალ კონტექსტს შორის არსებული სემანტიკური და იდეოლოგიური დაძაბულობის

სიძლიერეს. ინტერტექსტობრივი ელემენტის შემთხვევაში ტექსტებს შორის ყოველთვის იმართება ერთგვარი დიალოგი, რომლის დროსაც ერთ-ერთი (წინარე ან ფენო-ტექსტი) დამატებით აზრს იძენს. მოცემულ კრიტერიუმს განსაკუთრებით მჭიდროდ უკავშირდება ინტერტექსტობრივი მიმართებების დანიშნულების საკითხი. სემანტიკური დანიშნულების მიხედვით, რომელსაც ინტერტექსტობრივი ელემენტები ტექსტის ფარგლებში ასრულებს, ისინი შეიძლება იყოს რეფერენციალური ან ავტორეფერენციალური. (1) რეფერენციალური ინტექსტები ორიენტირებულია წინარეტექსტზე: ამ უკანასკნელის მნიშვნელობა იცვლება ან დასტურდება. ამრიგად, წინარეტექსტი გვევლინება ფენოტექსტის ერთგვარ აზრობრივ საყრდენად. ავტორეფერენციალური ინტექსტები მიმართულია ფენოტექსტის საზრისზე, მათი მეშვეობით ინფორმაცია ლაკონიურად გადმოიცემა და ხდება ტექსტის საზრისის ჩამოყალიბება. შეიძლება განვასხვაოთ ტექსტებს შორის ნორმატიული მიმართების დადებითი, უარყოფითი და შედარებითი ფორმები: დადებითი მიმართება (2) გულისხმობს წინარეტექსტის ნორმებთან თანხმობას, მათ დამტკიცებასა და გადაჭარბებას. წინარეტექსტის ელემენტების ინტეგრაცია აქ აზრობრივი ჰორიზონტის გაფართოებას ემსახურება. უარყოფითი მიმართების (3) დროს ფენოტექსტი უარყოფს, ასუსტებს და აუკუღმართებს წინარეტექსტის ნორმებს, რითაც პრეტექსტის მიმართ აზრობრივ კონტრასტს წარმოქმნის. შედარებითი მიმართება (4) კი გამორიცხავს რაიმე კოჰერენტული ფოკუსისა თუ ნორმატიული ათვლის წერტილის არსებობას (მაგ. ციტატების კოლაჟში). მკვლევრები გამოყოფენ დამატებით ორ ფუნქციას: (5) დამატებითი კოდირება შეიძლება განიცადოს ერთდროულად წინარეტექსტმაც და ფენოტექსტმაც, რის შედეგადაც ორივე მათგანის საზრისი შეიცვლება. ამგვარი მიმართება მიზნად ისახავს მოდელების შეპირისპირებით ერთგვარი ნორმატიული სინთეზის, მესამე ალტერნატიული მოდელის შექმნას, ან სულაც ყოველგვარი აზრობრივი მოდელის უარყოფას. (6) ტექსტს აგრეთვე შეიძლება მიენიჭოს დამატებითი კოდი მეტა-დონეზე, თუ თავად ინტერტექსტობრივი მითითების ხერხები და დანიშნულება მოექცევა ყურადღების ცენტრში (შულთე-მიდელიჰი 1985).

შესაძლებელია ტექსტებს შორის ნორმატიული მიმართებების დიფერენცირება ენობრივი და არაენობრივი ასპექტების მიხედვით: 1. ტექსტის თითოეული შემადგენელი ელემენტის ნორმა შენარჩუნებულია, ასევე შენარჩუნებულია ენობრივი ნორმაც (განმეორებითი გამოცემა, პლაგიატი, ფირზე აღბეჭდვა, ეპიგონობა); 2. ენობრივი ნორმა შენარჩუნებულია, ხოლო ტექსტის დანარჩენი შემადგენელი ნაწილების ნორმა საგრძნობლად შეცვლილია (მაგ. პაროდია, ცენტო); 3. ენობრივი ნორმა შეცვლილია, დანარჩენი ტექსტობრივი მაჩვენებლები კი შენარჩუნებულია (თარგმანი, ტრავესტია); 4. თანაბრად იცვლება ტექსტის როგორც ენობრივი, ისე არაენობრივი ნორმები (პლეტი 1985:94).

ზოგადად ინტექსტების დანიშნულების შესახებ შეიძლება ითქვას შემდეგი: რეფერენციალური ინტექსტები უმეტესწილად სამეცნიერო დისკურსში გვხვდება, ხოლო ავტორეფლექსიური ინტექსტები ხელოვნების პრეროგატივაა. ტექსტებს შორის დადებითი მიმართების შემთხვევაში საქმე გვაქვს იმიტაციასთან, უარყოფითი მიმართების შემთხვევაში - პოლემიკასთან, ხოლო ორთავე ტექსტისთვის დამატებითი კოდირების მინიჭების დროს მკაფიოდ იკვეთება ინტერტექსტობრივი დიალოგის ნიშნები2.

საფუძვლიანად განვიხილოთ ინტერტექსტუალობის ის სახესხვაობები, რომლებიც საგულისხმოა ფიქციონალობის მარკირების თვალსაზრისით.

იმისთვის, რომ ინტერტექსტობრივმა ელემენტმა ტექსტის ფიქციონალობაზე მიანიშნოს, საჭიროა მისი წყარო (წინარეტექსტი) თავად იყოს ფიქციონალური. მაგრამ ფიქციონალური წარმოშობის ინტექსტები გვხვდება ფაქტუალურ (მაგ. ლიტერატურათმცოდნეობით) ტექსტებშიც და ამრიგად, ზემოთ მოყვანილი წინაპირობა დაზუსტებას საჭიროებს: ფიქციონალობის სიგნალად შეიძლება მივიჩნიოთ ინტერტექსტუალობისა და ინტერმედიალობის მხოლოდ ის ფორმები, რომლებიც სტრუქტურებისა და ელემენტების გადმოღება-გამეორებას ეფუძნება. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ტექსტის ფიქციონალობა, როცა მასში შიფრირებული ინტექსტები მოიპოვება: მაგ. თუ წინარე ნაწარმოების მოქმედი პირი ფენოტექსტის მხატვრულ სამყაროში გამოჩნდება, ეს ფიქციონალობის უტყუარი სიგნალია. მხატვრული ტექსტის ფიქციონალურ ხასიათს აგრეთვე აძლიერებს ლიტერატურული ციტატები. განსაკუთრებით ისეთი ინტექსტები, როგორიცაა ციტირებული ციტატი ან ციტატი ციტატში, აორკეცებენ პოეტური წარმონაქმნის ავტორეფლექსიურობას; „ლიტერატურაში სინამდვილის ძიებისას მკითხველი კვლავ და კვლავ მხოლოდ ლიტერატურას აწყდება.“ (პლეტი, 1985:90).

ტექსტის ფიქციონალობაზე მიუთითებს აგრეთვე სისტემური რეფერენტულობა. როდესაც ერთი ტექსტი (მეტწილად ამა თუ იმ თვალსაზრისით ჰომოგენური) წინარეტექსტების კონვენციებს უკავშირდება, მათ აქტუალიზებას ახდენს ან არღვევს მათ, ამით იგი თავისივე კონვენციებს ააშკარავებს. სისტემურად რეფერენტულია არსებითად ყოველი ფიქციონალური ტექსტი. თუმცა ეს მჟღავნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი თავის განსხვავებულობას ექსპლიციტურად გამოკვეთს და დამკვიდრებულ ლიტერატურულ კონვენციებს არღვევს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამგვარი კონვენციები ლიტერატურული დისკურსის შემადგენელი ნაწილია, მათი აქტუალიზება ან დარღვევა ისევ და ისევ ფენოტექსტის ფიქციონალურ ხასიათს ცხადყოფს.

ფიქციონალობის განსაკუთრებით მკაფიო სიგნალს წარმოადგენს ავტორეფლექსიური ინტერტექსტუალობა. მანფრედ პფისტერის აზრით, ინტერტექსტობრივი ელემენტი ავტორეფლექსიურია, თუ ტექსტის ინტერტექსტობრივი დატვირთვა მასშივეა განსჯის საგნად ქცეული, ე.ი. ინტერტექსტუალობა არა მხოლოდ მარკირებულია, არამედ თემატიზებულიც და პრობლემატიზებულიც (პფისტერი 1985:27-28). ავტორეფლექსია შეიძლება განხორციელდეს როგორც მეტა-დონეზე, როგორც ეს ბერნდ შულტე-მიდელიხმა აჩვენა თავის ინტერტექსტუალობის ფუნქციათა ტიპოლოგიაში, ისე რაიმე სხვა სახითაც, მაგ. ავტოციტატების სახით, რომლებიც გამოირჩევა სიხშირითა და გამნეორებადობით (მაგ. ლაიტმოტივი) და მხოლოდ ფიქციონალურ ტექსტში გვხვდება. რაც უფრო მოცულობითია ინტერტექსტობრივი სეგმენტი, მით უფრო უახლოვდება იგი ავტორეფლექსიური თხრობის ფენომენს როგორც ფორმალურად, ისე შინაარსობრივად.

ფსევდოინტერტექსტუალობის ნებისმიერი სახესხვაობა (როგორც ფსევდო- ისე პარაციტატი), ჩვენი აზრით, აგრეთვე ავტორეფლექსიური პოტენციალის მქონეა და ინტერტექსტუალობაზე ყურადღების გამახვილებით ტექსტის ფიქციონალობაზე მიუთითებს. ფსევდოინტერტექსტუ ალობის დროს წინარეტექსტი არ არსებობს, მხოლოდ ფიქციაა, ანდა ინტერტექსტობრივი კავშირი თავად წარმოგვიდგება ფიქციად. ორთავე შემთხვევაში რეალურად ხელშესახები რჩება მხოლოდ ინტერტექსტუალობის ფენომენი, რომლის უკანაც არავითარი პროტოტექსტი არ დგას.

ინტერტექსტუალობის უკანასკნელ სახესხვაობებს აერთიანებთ თავად ინტერტექსტუალობის ფენომენის თემატიზების უნარი. ამგვარი ავტორეფლექსიის „შედეგია, რომ ტექსტს ყურადღება გადააქვს ცხოვრებისეული სინამდვილის შესაძლებელი მოდელიდან თავის თავზე, როგორც სხვა ტექსტებით განპირობებულ კონსტრუქციაზე.“ (ლინდნერი 1985:130).

დასასრულ უნდა აღინიშნოს, რომ ინტერმედიალობამაც შეიძლება შეასრულოს ფიქციონალობის სიგნალის ფუნქცია, რადგან რაიმე სხვა ფიქციონალურ სისტემაზე (მედიუმზე) მითითების ან ამ უკანასკნელის ტექსტში ინტეგრაციისას იკვრება ისეთივე ავტორეფლექსიური წრედი, როგორც ინტერტექსტუალობის ზემოთ განხილულ სახესვაობებთან. ამგვარ ინტერმედიალურ მიმართებას საფუძვლად უდევს კოდის ცვლა: სხვა მედიუმში (სახვითი ხელოვნება, მუსიკა, კინემატოგრაფია) წარმომდგარი ელემენტი კარგავს თავის მატერიალურ თვისებებს (ფორმას, ფერს, ჟღერადობას) და განიცდის ვერბალიზებას, გარდაიქმნება სიტყვებისგან შემდგარ პერსონაჟად, მხატვრულ მოტივად ან რაიმე სხვა ვერბალურ სტრუქტურად და მხოლოდ ამის შემდეგ ხორციელდება მისი ინტეგრაცია ლიტერატურულ ფიქციაში. თუ ამგვარი ელემენტი ექსპლიციტურად მიანიშნებს თავის წინარეკონტექსტზე, ამით იგი თავს ფიქციონალური დისკურსის შემადგენელ ნაწილად წარმოაჩენს და ამასთან, ააშკარავებს მიმღები, ლიტერატურული მედიუმის ფიქციონალურ ხასიათს.

ლიტერატურა:

ბახტინი 1975: Бахтин, Михаил: Вопросы литературы и эстетики. Москва,

ბროიხი 1985 (1): Broich, Ulrich/Pfister, Manfred (Hgg.): Intertextualität: Formen, Funktionen, anglistische Fallstudien. Unter Mitarbeit von Bernd Schulte-Middelich. Tübingen: Niemeyer 1985 (Konzepte der Sprach- und Literaturwissenschaft; 35)

ბროიხი 1985 (2) :

Broich, Ulrich: Formen der Markierung von Intertextualität. In: Ders., Manfred Pfister (Hgg.): Intertextualität, S. 31-47

ბროიხი 1985 (3): Broich, Ulrich/Pfister, Manfred: Bezugsfelder der Intertextualität. In: Dies. (Hgg.): Intertextualität, S. 48-58

ჟენეტი 1993: Genette, Gérard: Palimpseste: die Literatur auf zweiter Stufe. Aus dem Franz. Von Wolfram Bayer u. Dieter Hornig. Frankfurt a.M.: Suhrkamp 1993

კრისტევა 1972: Kristeva, Julia: Bachtin, das Wort, der Dialog und der Roman. In: Jens Ihwe (Hg.): Literaturwissenschaft und Linguistik III. Frankfurt/M., 1972, S. 345-375

ლახმანი 1982: Lachmann, Renate (Hg.): Dialogizität, Theorie und Geschichte der Literatur und der schönen Künste. Reihe A, Bd. 1, München 1982

ლახმანი 1984: Lachmann, Renate: Ebenen des Intertextualitätbegriffs. In: Karlheinz Stierle, Rainer Warning: Das Gespräch. München: Fink 1984, (Poetik und Hermeneutik, 11) S. 113-138

ლინდნერი 1985: Lindner; Monika: Integrationsformen der Intertextualität. In: Broich/Pfister (Hgg.): Intertextualität. S. 116-135

ორაიჩ ტოლიჩი 1995: Orai Toli, Dubravka: Zitat in Literatur und Kunst: Versuch einer Theorie. Wien: Böhlau 1995

პლეტი 1985: Plett, Heinrich F.: Sprachliche Konstituenten einer intertextuellen Poetik. In: Broich/Pfister (Hgg.): Intertextualität. S. 78-98

პფისტერი 1985: Pfister, Manfred: Skalierung der Intertextualität. In: Broich/Pfister (Hgg.): Intertextualität. S. S. 25-30

შულთე-მიდელიჰი 985: Schulte-Middelich, Bernd: Funktionen intertextueller Textkonstitution. In: Broich/Pfister (Hgg.): Intertextualität. S. 197-242

ცი პფელი 2001: Zipfel, Frank: Fiktion, Fiktivität, Fiktionalität: Analysen zur Fiktion in der Literatur und zum Fiktionsbegriff in der Literaturwissenschaft. Berlin: Schmidt 2001

Levan Tsagareli

Intertextuality as a signal of the fictionality

Several forms of intertextuality can point to the fictionality of a peace of the literary work it appears in. However there is a number of conditions which are to be fulfilled in order to enable a certain intertextual element to point to the entire text's fictionality. These conditions are: 1. The prae-text must be fictional itself; 2. The intertextual relation must be based on structural or element similarity. Furthermore some kinds of intertextuality are especially assignated for the functions mentioned above. Such are: 1. Cited citation; 2. System reference; 3. Selfconscious intertextuality; 4. All kinds of pseudo-ntertextuality; 5. Intermediality.

_______________

1. შდრ. კარერი 1985. ლახმანი ინტერტექსტუალობის იმავე ფორმებს მოიხსენიებს როგორც თანხვედრისა (Kontiguitätsrelation) და მსგავსების მიმართებებს (Similaritätsrelation). შდრ. ლახმანი 1984:136; მიმართებითი ინტერტექსტუალობის შესახებ იხ. აგრეთვე შვანიცი 1983

2. ცნებები იმიტაცია, პოლემიკა და დიალოგი განმარტებული აქვს ორაიჩ ტოლიჩს 1995:68.