ეკოლოგიური ქიმია დიდაქტიკის ჭრილში ECOLOGYCAL CHEMISTRY FROM THE POINT OF VIEW OF DIDACTICS
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, თბილისი, საქართველო
http://faculty.iliauni.edu.ge/avada_portfolio/qethevan-kupatadze/
რეზიუმე: ეკოლოგიურ ქიმიასთან დაკავშირებული თემატიკა 21-ე საუკუნეში ძალიან მნიშვნელოვანია. თითოეული პროცესის განვითარება კი მისი საფუძვლიანი სწავლებით იწყება. სწორედ ამიტომ, ეკოლოგიური ქიმიის საკითხების სწავლება სასკოლო და საუნივერსიტეტო დონეზე აუცილებელია. სტატიაში, სწორედ ამ საკითხების სწავლების მეთოდიკაა განხილული. მაგალითისთვის კი არჩეულია დაბინძურებული წყლის გაწმენიდის პროცესი ბუნებრივი გამწმენდი სისტემებით (ხელოვნური ჭაობი). მეთოდიკა დიდაქტიკის რამდენიმე ძირითად პრინციპს ეფუძნება, რათა მოსწავლეთა და სტუდენტთა მოტივაცია გაიზარდოს. ეს პრინციპებია: მასალის (ინფორმაციის) დოზირებულად მიწოდება, თვალსაჩინოების პრინციპი, საგანთაშორისი კავშირები. სტატიაში ასევე აღწერილია ლაბორატორიული სამუშაოს დროს შესასრულებელი კვლევის ჩამონათვალი. სტუდენტთა გამოკითხვის შედეგები ადასტურებს მათ დადებით დამოკიდებულებას ქიმიის ამ მიმართულებისადმი. ასევე იკვეთება მათი დამოკიდებულების ცვლილება გარემოს დაბინძურების პროცესებთან მიმართებაში.
Abstract: All the issues related with Ecological Chemistry obtain particular importance now in the 21st century. The development of any process starts with its well education. Therefore, it is very important to start delivering classes issues from Ecological Chemistry, the natural chemical processes and pollution agents, at schools and universities. As a case study, the article discusses the methodology of teaching those questions at University and school levels. As an example is given NTS (Natural Treatment Systems and constructed wetlands). The methodology is orientated on realization of some important didactic principles in teaching process which is very effective tool for increasing students’ motivation to learn. This principles are: dosed material supply, inter-subject links, visualization. There is described experience for laboratory work as well. The outcome of the inquire has made it clear, that such a method of teaching of issues of Ecological Chemistry affects positively on students motivation and changes their attitude towards the environmental pollution.
შესავალი:
ეკოლოგიური ქიმია თანამედროვე ქიმიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მისი წარმოშობა არ არის შემთხვევითი და პასუხობს საზოგადოების მოთხოვნას, მოხდეს გარემოს დაცვა ქიმიური ფაქტორებით დაბინძურებისგან, რაც დღეს სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. თავად ტერმინი ეკოლოგიური ქიმია 1950 წელს წარმოიშვა და სწორედ აქედან იღებს სათავეს კვლევები ამ მიმართულებით. მოგვიანებით, ნათელი გახდა, რომ ის აერთიანებს გარემოს სისტემების შესახებ ფუნდამენტურ ცოდნას და გამოყენებით კვლევებს. 90-იან წლებში კიდევ ერთი მიმართულება ჩამოყალიბდა-„მწვანე ქიმია“, რომელიც იკვლევს ტექნოლოგიურ ჯაჭვს-ნარჩენების ფორმირებას, უტილიზაციას და ამ პროცესების მენეჯმენტს. „მწვანე ქიმიას“ ზოგჯერ „მდგრად ქიმიას“-აც უწოდებენ და მის კვლევით ინტერესებშია მომწამლავი ნაერთების გარემოზე გავლენის მინიმუმამდე დაყვანა [1].
დღეისთვის, კი ეკოლოგიურ ქიმიას და მის მიმართულებებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემატიკა დაემატა-ეკოლოგიური ქიმიის დიდაქტიკა და ეფექტური მეთოდიკის შერჩევა აღნიშნული საკითხების სწავლებისთვის [2]. სწორი მეთოდიკით ორი მნიშვნელოვანი საკითხი გადაიჭრება: ინფორმაციის მიწოდება ეკოლოგიურ ქიმიაზე და გარემოს სისუფთავის დამფასებელი საზოგადოების ფორმირება.
სხვადასხვა ისტორიული, თუ საარქივო მასალებიდან ნათელია, რომ საქართველოში ეკოლოგიურ ქიმიას ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნეში მეფე ვახტანგ მეექვსე იცნობდა. მის წიგნში „ზეთების შეზავებისა და ქიმიის ქმნისა“, რამდენიმე ჩანაწერი წყლის გაწმენდის შესახებ არის. გამოდის, მან კარგად იცოდა, რომ დაბინძურებულ წყალს გაწმენდა სჭირდებოდა, თან ამას მცენარეების მეშვეობით აკეთებდა [3]. „მწვანე ქიმიის“ ერთ-ერთი პრობლემა ჩამდინარე წყლების ნარჩენების სწორი მართვაა. მათი გასუფთავება და მეორადად გამოყენება (მელიორაციაში ან სხვადასვა სამრეწველო მიზნით). ჩამდინარე წყლების გასუფთავების ერთ-ერთ იაფ მეთოდს ბუნებრივი გამწმენდი სისტემები წარმოადგენენ, სადაც მთავარი ადგილი ხელოვნურ ჭაობს და მასში გაშენებულ მცენარეებს ეკუთვნით [4].
საარქივო მასალების მიხედვით, საქართველოში ბუნებისმეტყველების და ქიმიის სწავლების პროცესში საკითხები ეკოლოგიური ქიმიიდანაც იყო შეტანილი [5,6]. თუმცა, იმ პერიოდისთვის, რა თქმა უნდა, ქიმიის ეს მიმართულება არ არსებოდა. მაგალითად, 1899 წლის სასწავლო გეგმაში თბილისის ქალთა გიმნაზიაში მესამე-მეექვსე კლასის პროგრამაში შემდეგი საკითხები შედიოდა: ა) ჰაერი - ჰაერის გათბობა, გაზების მოძრაობა, შემადგენლობა; ბ) წყლები: შემადგენლობა, თვისებები გ) ცვლილებები, რომლებიც მიმდინარეობს დედამიწის ზედაპირზე; დ) მთები, მათი სახეობები; ე) კრისტალები - ცალკეული სახეობები; ვ) ლითონები, მათი თვისებები და სახეობები: ოქრო, რკინა, ვერცხლი,ტყვია, კალა და სხვ.
პროგრამების გადახედვისას შესამჩნევია, რომ ე.წ. გარემოს ქიმიაზე განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული. პროგრამებში შეტანილია წყლის სახეები, მისი დაბინძურება და გაწმენდის მეთოდები, ჰაერი და მისი შემადგენლობა, ცალკე ისწავლება ნივთიერებები ბუნებაში. გარდა ამისა, თითოეული საკითხი გარემოსთან და ცხოვრებასთან კავშირში უნდა შეესწავლათ. იმ პერიოდისთვის, რა თქმა უნდა, არ არსებობდა მიმართულება -ეკოლოგიური ქიმია, გარემოს ქიმია, მწვანე ქიმია, სახლის ქიმია, თუმცა, მაშინდელი პროგრამები ამ მიმართულებიდან მრავალ საინტერესო საკითხს სთავაზობენ მოსწავლეებს. გარდა ამისა, ისიც აღსანიშნავია, რომ სასწავლებლების/გიმნაზიების ბიბლიოთეკები მარაგდებოდნენ შესაბამისი კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურით, რომელიც ასევე გარემოს ქიმიას ეხებოდა. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს დამატებითი ლიტერატურა პოპულარული მარტივი ენით იყო დაწერილი, რათა მოსწავლეებს დამოუკიდებლად შეძლებოდათ მათი წაკითხვა და გასაგები ყოფილიყო. სწავლების თანამედროვე მიდგომებშიც პოპულარული სამეცნიერო ენით დაწერილ ლიტერატურას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლეთა მოტივირებისთვის და მასალის სახალისო-გასაგები ენით მიწოდებისთვის.
სტატიის ძირითადი ნაწილი:
დღეისათვის, ეკოლოგიური ქიმია სამ დონეზე შეიძლება ისწავლებოდეს. სკოლაში დამატებითი ე.წ. ჩანართების სახით. აქ იგულისხმება სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მასალასთან ერთად, ლოგიკურად დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ეკოლოგიურ ქიმიასთან იქნება კავშირში. მაგ. ნახშირწყალბადების სწავლებისას, ინფორმაცია ნავთობით დაბინძურებასა და სათბურის ეფექტზე. მეტალების სწავლისას, დამატებითი ინფორმაცია მძიმე მეტალებით დაბინძურებაზე და ა.შ. თან ეს ინფორმაცია სამეცნიერო-პოპულარული ენითაც შეიძლება მივაწოდოთ, რათა ზედმეტი ინფორმაციით მოსწავლეების გადაღლა არ გამოვიწვიოთ. თემატიკის გაშლა ე.წ. პოპულარული ლექციების მეშვეობითაც შეიძლება. ლექციები თავად სკოლაში ჩატარდება (მოწვეული მეცნიერების მონაწილეობით), ან მოსწავლეების გასვლა უნდა მოხდეს კვლევით ცენტრებში. ასეთი ინფორმაციის მიწოდებას სასკოლო დონეზე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ხვალინდელი საზოგადოების წევრები, სწორედ დღევანდელი მოსწავლეები იქნებიან. მათ კი, ზუსტად უნდა იცოდნენ, რა საფრთხეები შეიძლება გამოიწვიოს გარემოს დაბინძურებამ, რა ტიპის ქიმიური აგენტები იწვევენ განსაკუთრებულ ზიანს და ბოლოს, როგორ დაიცვან საკუთარი თავი და ოჯახი მოწამვლისგან. დღევანდელ მოსწავლეებს შორის ასევე არიან, სამრეწველო ქარხნების ხვალინდელი დირექტორები, გადაწყვეტილების მიმღებნი, კანონების და რეგულაციების შემქმნელნი და მათაც განსაკუთრებით ჭირდება ინფორმაცია ეკოლოგიური ქიმიიდან, რათა გარემოს უსაფრთხოებაზე ზრუნვა აქედანვე იცოდნენ.
სამეცნიერო-პოპულარული ფორმით ინფორმაციის მიწოდების დროს, დიდაქტიკის სამი მნიშვნელოვანი პრინციპია გასათვალისწინებელი.
ძალიან მოკლედ დავწეროთ თითოეულ მათგანზე.
მასალის (ინფორმაციის) დოზირებულად მიწოდებაში იგულისხმება მხოლოდ პრობლემის დასმა. მაგალითად, რა ტიპის ბუნებრივი გამწმენდი სისტემები არსებობენ, რისთვის გამოიყენებიან, რა სირთულის დაბინძურებას წმენდენ. წმენდის ბიოლოგიური და ქიმიური მექანიზმის განხილვა აუცილებელი არ არის.
თვალსაჩინოების პრინციპში იგულისხმება, რაც შეიძლება მეტი ვიდეო რგოლის ან გასაგები სქემის გამოყენება ინფორმაციის მიწოდებისას. კარგი იქნება, თუ ამა თუ იმ აგენტით დაბინძურების მაგალითებს გამოვიყენებთ, როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების მაგალითზე. ან, მაგალითად, იმავე ბუნებრივი გამწმენდი სისტემების განხილვისას მეზობელი ქვეყნების მაგალითებს და თვალსაჩინოებებს მოვიხმობთ, რადგან საქართველოში ჯერ ასეთი გამწმენდი სისტემები არ გვაქვს [8,9].
საგანთაშორისი კავშირის პრინციპში კი იგულისხმება პრობლემის დაკავშირება საგანთან ან საკითხთან, სხვა მეცნიერებიდან. თანაც, ეს კავშირები, რაც უფრო მოულოდნელი იქნება მით უკეთეს ეფექტს გამოიწვევს. მაგალითად, ბუნებრივი გამწმენდი სისტემები შეგვიძლია ვახტანგ მეექვსის ქიმიის წიგნს დაუკავშიროთ, სადაც მეფე დაბინძურებული წყლის გაწმენდას მცენარეებით ცდილობდა. ასევე კარგი მაგალითია, ინფორმაცია ესპანეთის მეფე ფილიპე მეორეზე, რომელიც წყალს ვარდის ფურცლებით წმენდდა [10]. ანუ, ქვეცნობიერად უკვე გრძნობდნენ, რომ მცენარე წყალს წმენდდა, მაგრამ ტექნოლოგია შემუშავებული არ ქონდათ. ან, თუ გარემოში ნახშირორჟანგის მაღალ კონცენტრაციაზე იქნება საუბარი, შესაძლებელია დასაინტერესებლად კამერუნის ჩრდილოეთ-დასავლეთით მდებარე ტბა ნიოსსზე 1986 წლის 21 აგვისტოს მომხდარი ტრაგედიის ამბავი მოვუთხროთ. შემდეგ კი, უკვე ტრაგედია ქიმიური კუთხით განვიხილოთ [11].
ეკოლოგიური ქიმიის საკითხებზე საუბრის შემდეგი დონე საუნივერსიტეტოა. თუმცა, აქ კურსი შეიძლება ორგვარი იყოს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველ კურსზე ე.წ. შესავალი კურსები ისწავლება. ამ კურსებზე თემატიკა ასევე სამეცნიერო პოპულარული კუთხით განიხილება, ოღონდ მეცნიერულობის პრინციპზე გაცილებით მეტი პროცენტი მოდის. რაც იმას ნიშნავს, რომ ქიმიურ მექანიზმებს არ ვუღრმავდებით, მაგრამ ტერმინოლოგიის, პრობლემის, შედეგის შესწავლა გაცილებით დაწვრილებით მიმდინარეობს. შესავალი კურსის სტუდენტებს თავიანთი სპეციალობა არჩეული არ აქვთ, მხოლოდ მეორე კურსზე აირჩევენ. თავად ასეთი კურსების სწავლების პრინციპი კი იმაში მდგომარეობს, რომ მათ მომავალი პროფესიის არჩევანში დაეხმაროს და მიაწოდოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც მათ, როგორც არაქიმიკოსებს გამოადგებათ. ერთ-ერთი ასეთი კურსის სახელწოდებაა: „წყალი-სიცოცხლის საწყისი“. აქ შემდეგი საკითხები განიხილება: წყლის ადგილი ქიმიის ისტორიაში; ქიმიური შემადგენლობა; სტრუქტურა და ფუნქციები; წყლის სახეები ადამიანის ორგანიზმში; წყალი, როგორც გამხსნელი; წყლის დამაბინძურებელი აგენტები: მძიმე მეტალები; ორგანული ნაერთები; მჟავა წვიმები; ჩამდინარე წყლები და მათი გაწმენდა ხელოვნური ჭაობის მეშვეობით; წყლის ცირკულაცია; ოკეანის წყლის ქიმიური შემადგენლობა.
შესავალი კურსების ჩამონათვალში ასევე არის კურსი: „ალქიმიიდან 21-ე საუკუნემდე“, რომელშიც სამი ლექცია ასევე ეკოლოგიური ქიმიის მიმართულებით არის-მძიმე მეტალები; წყლის დაბინძურება; ჰაერის დაბინძურება.
ბიოლოგიის და ეკოლოგიის სპეციალობის სტუდენტებს ზემოთ ჩამოთვლილი თემატიკა განსხვავებული სირთულით და მეთოდიკით მიეწოდებათ. ამ სპეციალობის სტუდენტებს სავალდებულო-არჩევით საგნებში აქვთ კურსი: „ჰიდრობიოლოგია და ეკოლოგიური ქიმია“. კურსში გამოყენებულია „სწავლება კვლევით“ მეთოდიკა, რომლის სტრატეგია ე.წ. „დიდი იდეებია“ [7]. ამ სტრატეგიის ძირითადი არსია დიდი იდეების ორ კატეგორიად დაყოფა -ზოგადი და სპეციფიური. ასევე კონცეპტუალური დიდი იდეა-ქიმიაზე და ქიმიისთვის. კონცეპტუალურ დიდ იდეად აქ სტუდენტებს ვთავაზობთ თავად „წყალს“, ხოლო კვლევის მიმართულებას-კვლევას დაბინძურებული წყლის გამოსავლენად, ან წყლის დაბინძურების ხარისხის გამოკვლევას, ასევე დამაბინძურებელი აგენტების გამოვლენას და გაწმენდის სტრატეგიის შემუშავებას ხელოვნური ჭაობის მეშვეობით [12].
სწორედ, ამ კონტექსტში შეგვიძლია განვიხილოთ ხელოვნურ ჭაობში მიმდინარე, დაბინძურების მოსაშორებელი, ბუნებრივი პროცესები (ცხრილი1) - მცენარეული საფარი, ნიადაგი, მიკრობების მოქმედება.
ცხრილი 1. წმენდის მექანიზმი ზოგიერთი დამაბინძურებლისთვის |
|
დამაბინძურებელი აგენტები |
პროცესი |
ორგანული ნაერთები |
ბიო დეგრადაცია, დალექვა, მიკრობული შთანთქმა; ადსორბცია; ფოტოლიზი; ბიოტური/აბიოტური დეგრადაცია |
შეტივტივებული მყარი ნაწილაკები |
დალექვა, გაფილტვრა |
აზოტი |
დალექვა, ნიტრიფიკაცია/დენიტრიფიკაცია, მიკრობული შთანთქმა; მცენარეების მიერ შთანთქმა, გაზიფიკაცია |
ფოსფორი |
დალექვა, გაფილტვრა, ადსორბცია; მიკრობული შთანთქმა; მცენარეების მიერ შთანთქმა, |
პათოგენები |
დალექვა, გაფილტვრა, ადსორბცია. |
მძიმე მეტალები |
დალექვა, ადსორბცია; მცენარეების მიერ შთანთქმა. |
კურსის ფარგლებში სტუდენტები აწარმოებენ კვლევას საქართველოში წყლის სისუფთავის მდგომარეობის შესახებ, მათ შორის ჩამდინარე წყლებისაც. კვლევის ინტერესში ასევე შედის საქართველოში არსებული წმენდის მექანიზმები. კვლევის შედეგად გამოვლენილია, რომ მუნიციპალური ჩამდინარე წყლების 67% აბინძურებს ზედაპირულ წყლებს და ძირითადი დამაბინძურებლები არიან: ნავთობ პროდუქტები, საკვების ნარჩენები და მათი ხრწნის შედეგად წარმოქმნილი ნივთიერებები, გადაუმუშავებელი ნაგავი, პესტიციდები. საქართველოს მდინარეები ძირითადად დაბინძურებულია აზოტით, მისი ნაერთებით, მძიმე მეტალებით (მდინარე მაშავერა, ბოლნისის რაიონი; ზესტაფონთან და ჭიათურასთან მდინარე ყვირილა), აჭარის რეგიონის მდინარეები შავ ზღვასთან შესართავთან კი ნავთობ პროდუქტებით არის დაბინძურებული.
იგივე კურსის შემდეგ ეტაპზე სტუდენტებს მოაქვთ წყლის ნიმუშები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან (ძირითადად, იმ რაიონებიდან, სადაც ცხოვრობენ) და ლაბორატორიაში შემდეგ კვლევას ატარებენ: 1. ზოგადი სიხისტის განსაზღვრა; 2. ზოგადი მჟავიანობის განსაზღვრა; 3. ზოგადი ტუტიანობის განსაზღვრა; 4. ალუმინის სულფატით დაბინძურების განსაზღვრა; 5. მძიმე მეტალების განსაღვრა; 6. ნიტრატების და ნიტრიტების განსაზღვრა.
რანჟირების მეთოდით ვლინდება ყველაზე დაბინძურებული წყლები და შემდეგი ეტაპი უკვე დისკუსიაა, ამ ტიპის დაბინძურებას, რომელი სახის ხელოვნური ჭაობი უკეთესად გაწმენდს [13,14]. თეორიიდან მათ უკვე იციან, რომ არსებობს რამდენიმე ტიპის ხელოვნური ჭაობი და თითოეული მათგანი სხვადასხვა სახის დაბინძურების მოსაშორებლად გამოიყენება. ასევე, შესაძლებელია შერეული, ე.წ. ჭაობის ჰიბრიდების შექმნა, შერეული დაბინძურების მოსაცილებლად. ჯერ ჯერობით ასეთი დისკუსიები მხოლოდ თეორიულია, რადგან საქართველოში, სხვა მრავალი ქვეყნისგან განსხვავებით, ამ ტიპის ბუნებრივი გამწმენდი სისტემები არ არსებობენ.
სტუდენტები ასევე განიხილავენ წყლის დაბინძურებაზე ტემპერატურის, მცენარეული საფარის, pH და ა.შ. ზეგავლენას. სწორედ ასეთი მეთოდოლოგიით ისწავლება ეკოლოგიური ქიმიის სხვა საკითხებიც.
შედეგები და მათი განსჯა
კურსის ბოლოს სტუდენტებს შევთავაზეთ ანონიმური კითხვარი. გამოკითხვაში მონაწილეობდნენ ორივე შესავალი კურსის სტუდენტები, ასევე ბიოლოგიის და ეკოლოგიის სპეციალობის სტუდენტები (სულ 1600 სტუდენტი). კითხვარი შემდეგი შინაარსის იყო:
სტუდენტების პასუხების მიხედვით, უმრავლესობამ მხოლოდ წარმოდგენილი კურსების ფარგლებში მიიღო ამომწურავი ინფორმაცია ეკოლოგიური ქიმიის პრობლემატიკაზე. ასევე, კურსების ფარგლებში გაიგეს, რომ ქიმიის ასეთი მიმართულება არსებობს. თითქმის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეკოლოგიური ქიმიის განვითარება და სწავლება აუცილებელია. უმრავლესობის აზრით, კურსის ფარგლებში მიღებული ცოდნა მომავალში გამოადგებათ, რადგან ეცოდინებათ დაბინძურების ტიპები, დამაბინძურებელი აგენტები და მათთან ბრძოლის და თავდაცვის ხერხები. სწავლების მეთოდიკა, უმრავლესობის აზრით, ეფექტურია, რადგან სწორად და დოზირებულად გადასცემს ინფორმაციას, თუმცა სასურველი იქნებოდა კურსში უფრო მეტი ლაბორატორიული კვლევა იყოს ჩადებული. ეს კი ნიშნავს, რომ კურსი ორი სემესტრი უნდა ისწავლებოდეს.
დასკვნა
გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ სტუდენტთა უმრავლესობას არ ჰქონდა ინფორმაცია ეკოლოგიური ქიმიის შესახებ და მხოლოდ წარმოდგენილი კურსების ფარგლებში მიიღეს ინფორმაცია. ეს კი ნიშნავს, რომ სკოლებში არ აქვს აღნიშნულ მიმართულებას დათმობილი სათანადო ყურადღება. შესაბამისი თემატიკის სწავლებისასაც (მაგ. მჟავა წვიმები, სათბურის ეფექტი და ა.შ. არ ახსენებენ, რომ ქიმიის მიმართულება არსებობს, რომელიც ამ პრობლემატიკას გაცილებით ღრმად შეისწავლის). სტუდენტთა უმეტესობა აღიარებს, რომ ეკოლოგიური ქიმიის მიმართულებიდან ინფორმაცია, მათთვის მომავალში სასარგებლო იქნება. სწავლების მეთოდიკას ეფექტურად მიიჩნევენ და აქვთ სურვილი, რომ ლაბორატორიულ მეცადინეობას უფრო მეტი დრო ჰქონდეს დათმობილი.
ლიტერატურა